წელს სოფელ ნიჩბისში პირველად მოეწყო კინოსახელოსნო 7-დან 16 წლამდე ბავშვებისთვის, რომელშიც მონაწილეობა 12-მა მოზარდმა მიიღო.
კინოსახელოსნოს უძღვებოდნენ ფრანგი რეჟისორი ჟილ ლემუნო, ფრანგი მსახიობი და სცენარისტი – ან კლოდ ლუმე და ქართველი პროდიუსერი- ირმა ინარიძე.

საზაფხულო ბანაკი და კინოსახელოსნო მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჩბისში 22 ივლისს დასრულდა, თუმცა ბავშვების მიერ გადაღებული ფილმის მონტაჟი სექტემბერში დამთავრდება.
“ბავშვები გაეცნენ კინოს ანა-ბანას, თვითონ დაწერეს სცენარი, თვითონვე ითამაშეს ფილმში, რომელიც საბოლოოდ 45-წუთიანი იქნება და რომლის მონტაჟიც სექტემბერში დასრულდება. ფილმი სოფელზე, არდადეგებზე და უცნაურ გაუჩინარებაზეა. სავარაუდოდ, ფილმს გავაგზავნით ფესტივალებზე და მის პრემიერას მოვაწყობთ საქართველოში სექტემბრის თვეში”, – ამბობს ირმა ინარიძე.
მისი თქმით, ამიერიდან კინოსახელოსნოებს პერმანენტული ხასიათი ექნება და დაგვირგვინდება საბავშვო ფილმების ფესტივალით. საბავშვო ფილმების ფესტივალი, სახელწოდებით “ფესტიმაჟ”, როგორც საფრანგეთში, ასევე, ევროპის სხვა ქვეყნებში იმართება ხოლმე.
რატომ არის მნიშვნელოვანი და საინტერესო ბავშვებისთვის კინოსახელოსნო? – ეს კითხვა “ნეტგაზეთმა” სახელოსნოს ორგანიზატორ, პროდიუსერ ირმა ინარიძეს დაუსვა. როგორც ის ამბობს, ბავშვები ბუნებასთან და ადამიანებთან დააბრუნეს:
“კინოსახელოსნო მოიცავს მუშაობას სცენარზე, ხმაზე, კამერასთან და თამაშს. ბავშვები იხსნებიან მაქსიმალურად. უვითარდებათ წარმოსახვა, რადგან უნდა მოიგონონ ამბავი და მოყვნენ გამოსახულებით. უვითარდებათ საკუთარი თავის რწმენა, კონცენტრირდებიან … ამასთან, გამოდიან ვირტუალური სამყაროდან, წყდებიან გაჯეტებს და ტკბებიან სუფთა ჰაერზე თამაშით – კინოს ამბით: სიჩუმე, მოტორი, ვიღებთ, გადაღებულია!!!”.