ღარიბაშვილმა კონფერენციების ორგანიზება პარტიის გენერალურ მდივანს კახა კალაძეს და პოლიტიკურ მდივანს გიორგი ვოლსკის დაავალა. პრემიერის თქმით, კონფერენციები მოიცავს შეხვედრებს პარტიის წევრებთან, მხარდამჭერებთან და აქტივისტებთან.
“ჩვენ ახლა წინ გველოდება თვითმმართველობის არჩევნები, რომელშიც ჩვენი კოალიცია “ქართული ოცნება” თქვენთან ერთად ღირსეულად გაიმარჯვებს, ამიტომ გარწმუნებთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს და მცდელობას არ დავაკლებთ, რომ არც ერთი ადამიანი, რომელმაც ერთგულად და თავდაუზოგავად იშრომა, და პირდაპირ ვიტყვი, იბრძოლა ჩვენთან ერთად, უყურადღებოდ და გულნაკლული არ დარჩება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა. ის პარტიის თითოეულ წევრსა და აქტივისტს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
“მჯერა, რომ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იქნება პარტია, რომელიც კიდევ ათასობით მხარდამჭერს შემოიკრებს გარშემო, იქნება მათი ინტერესების დამცველი და თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ახალგაზრდობას – შემოგვიერთდით! მე მსურს თქვენთან ერთად ავაშენო ძლიერი საქართველო!”, – აცხადებს პრემიერი.