ახალი ამბები

გურიის რწმუნებული თანამშრომლებს დაემშვიდობა, თუმცა პრემიერს ის არ გაუთავისუფლებია

26 ივლისი, 2018 •
გურიის რწმუნებული თანამშრომლებს დაემშვიდობა, თუმცა პრემიერს ის არ გაუთავისუფლებია

გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ დღეს თანამდებობა დატოვა და თანამშრომლებს დაემშვიდობა, თუმცა პრემიერ ბახტაძეს ის ოფიციალურად არ გაუთავისუფლებია.

მამუკა ბახტაძემ დღეს, 26 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე 5 გუბერნატორი გაათავისუფლა, თუმცა გურიის გუბერნატორი მათ შორის არ ყოფილა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა მთავრობის ადმინისტრაციას და ჰკითხა, ხომ არ იყო რაიმე ხარვეზი და რჩება თუ არა მერაბ ჭანუყვაძე თანამდებობაზე. როგორც ადმინისტრაციაში გვითხრეს, არავითარი შეცდომა არ მომხდარა და ჭანუყვაძე არ გადაუყენებიათ.

ამის მიუხედავად, როგორც რწმუნებულის თანამშრომლები რუსთავი 2-თან საუბარში ამბობენ, ჭანუყვაძე მათ გულთბილად დაემშვიდობა და წარმატება უსურვა. ნეტგაზეთი დაუკავშირდა ჭანუყვაძის მოადგილეს, არჩილ ყაზაიშვილის, რომელმაც გვითხრა, რომ რწმუნებულმა გადაწყვეტილების შესახებ თავად მედიიდან გაიგო.

“ამ ეტაპზე არავითარი ოფიციალური დოკუმენტი არ არის შემოსული მისი თანამდებობის გადადგომის შესახებ, არც მთავრობიდან და არც თავად ჭანუყვაძის მხრიდან. ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს გეტყვით “, – გვითხრა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი