საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქნახშირის შეთავაზებას, გადაეცეს შახტის მართვა სახელმწიფოს, პასუხობს, რომ ეს სახელმწიფოს საქმე არ არის.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოში ქვანახშირის მოპოვებას გრძელვადიანი სტრატეგია უნდა ჰქონდეს. პრემიერი აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა არაფერი დგას:
“ისეთ მნიშვნელოვან და სასიცოცხლო აქტივს, როგორიც არის საქართველოში ქვანახშირის მოპოვება, მას უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, დარგი როგორ განვითარდება, რა იქნება მისი უპირატესობები და რა მხარდაჭერა სჭირდება, რომ შეინარჩუნოს ნებისმიერმა დარგმა სამუშაო ადგილები და პერსპექტივაში გაზარდოს.
რაც შეეხება შახტის მართვას, შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არა არის. ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენ ვხედავდეთ კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც არის ადვილად დასანახი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რომ საქმიანობა და მათი სამუშაო ადგილები არის პროგნოზირებადი. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და მე განვაცხადე კიდეც, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი სექტორია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლეზე მაღლა ვერაფერს ვერ დავაყენებთ”, – ამბობს მამუკა ბახტაძე.
პრემიერის თქმით, ახლა საჭიროა დადგინდეს, რამ გამოიწვია ტყიბულში დატრიალებული ტრაგედია. მამუკა ბახტაძის თქმით, ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლებთან მთავრობას ექნება პრინციპული საუბარი:
“ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ შახტები იყოს დალუქული მანამდე, სანამ ორი მიმართულებით არ მივიღებთ დასკვნას. პირველი, ეს გამოძიებაა, რომელსაც შს სამინისტრო ხელმძღვანელობს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რამ გამოიწვია ეს ტრაგედია და შესრულდა თუ არა გაჟღერებული რეკომენდაციები. მეორე მიმართულება საინჟინრო ტექნიკური ექსპერტიზა გახლავთ, რომელიც საერთაშორისო უნდა იყოს და ისეთი ორგანიზაციის და ადამიანთა ჯგუფის მიერ ჩატარებული, რომელსაც აქვს ნდობა.
ეს არის დარგი, რომელსაც სჭირდება გრძელვადიანი განვითრების სტრატეგია. ჩვენ უნდა ვხედავდეთ, რომ ორგანიზაციას აქვს ამის საშუალება და პერსპექტივა. აღარ მინდა პასუხი არაა ამ შემთხვევაში, არსებობს პასუხისმგებლობა. იქ ტრაგედია მოხდა და ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ინვესტორს, ნებისმიერ კომპანიას, მაგრამ ის ორი საკითხი, რომელიც მე აღვნიშნე, კონკრეტულად რომ დაიდება დასკვნები, გვექნება პრინციპული საუბარი მათ შორის ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან”, – განაცხადა ბახტაძემ.
16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.
ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.
ამავე თემაზე:
დოლაბერიძე: შახტის დახურვა ტყიბულისა და მისი შემოგარენისთვის კატასტროფა იქნება