ახალი ამბები

თარხან ბათირაშვილის ძმა სირიაში დაიღუპა

25 ივლისი, 2018 • 3705
თარხან ბათირაშვილის ძმა სირიაში დაიღუპა

“ისლამური სახელმწიფოს” ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი დაიღუპა. ინფორმაციას მისი დაღუპვის შესახებ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თუმცა, სად და რა გარემოებებში მოხდა ეს, უწყება ამის შესახებ არ საუბრობს.

პანკისის ხეობაში მომუშავე ჟურნალისტის, სულხან ბორძიკაშვილის ცნობით, ბათირაშვილი სირიაში საბრძოლო მოქმედებებს ემსხვერპლა. მისივე ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილის ძმა, სავარაუდოდ, სხვა დაჯგუფებასთან შეტაკებისას დაიღუპა, თუმცა მიზეზების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ არსებობს.

თამაზ ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. მანამდე სოფელ ბირკიანში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, სირიაში წასვლის შემდეგ კი, მალევე, თან წაიყვანა ცოლი და შვილებიც. პანკისის სათემო რადიოს ცნობით, ბათირაშვილის ოჯახის წევრები საბრძოლო მოქმედებებს გადაურჩნენ.

თამაზ ბათირაშვილი თანამებრძოლებთან ერთად. ფოტო აღებულია რადიო WAY-ს გვერდიდან

ძმისგან განსხვავებით, თამაზ ბათირაშვილზე მსოფლიო მედიაში ცოტა იწერებოდა. თუმცა, ბოლო ცნობებით, ის ძმასთან ერთად ტერორისტული ორგანიზაციის, “ისლამური სახელმწიფოს” წევრი იყო. გამოცემა “The Daily Beast” 2014 წელს წერდა, რომ თამაზ ბათირაშვილი ძმაზე, აბუ ომარ ალ-შიშანზე გაცილებით გავლენიანი ფიგურა იყო ორგანიზაციაში. გამოცემა მას სირიის ოპერაციის “რეალურ არქიტექტორად” მოიხსენიებდა. სტატია ძმების მამასთან ინტერვიუსაც მოიცავს, რომელშიც  თამაზ ბათირაშვილს თარხანის მასწავლებლად მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ  ჩრდილში ყოფნას თავად ამჯობინებდა.

თამაზ ბათირაშვილის ძმა, ISIS-ის ერთ-ერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი 2016 წელს დაიღუპა. ამ წლის 15  მარტს პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომ ალ-შიშანი მოკლეს. ივლისში კი მისი დაღუპვის შესახებ ცნობა “ისლამურმა სახელმწიფომაც გაავრცელა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი