AFP: თარხან ბათირაშვილის სიკვდილს “ისლამური სახელმწიფო” ადასტურებს

ახალი ამბების სააგენტო “ფრანს პრესი”  სოციალურ ქსელ ტვიტერზე, ე.წ “ისლამური სახელმწიფოს” მედიაპორტალზე, ამაქზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, თარხან ბათირაშვილი დაღუპულია.

13 ივლისს კი CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ კვლავაც ცდილობს, გადაამოწმოს ინფორმაცია, არის თუ არა დაღუპული აბუ ომარ ალ შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი.

ბათირაშვილის დაღუპვის შესახებ პრესაში ინფორმაცია რამდენჯერმე მანამდეც გავრცელდა, თუმცა არ დადასტურდა. პენტაგონმა 2016 წლის 15 მარტს ოფიციალურად განცხადა, რომ ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” (ISIS) ერთ-ერთი მეთაური, თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანი მოკლეს. ის, ბიბისის ცნობით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებთან შესახვედრად იყო ჩასული ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ქალაქ შადდადში. როგორც სი-ენ-ენი წერს, ამის შემდეგ დაეშმა (“ისლამურმა სახელმწიფომ”) გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათირაშვილი დაშავდა, თუმცა არ მომკვდარა.   CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავებმა ერაყში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენჯერმე ამოიღეს მიზანში ომარ ალ-შიშანი. შტატები კვალავაც ცდილობს დაადასტუროს, ამჯერად მაინც არის თუ არა დაღუპული ბათირაშვილი. თარხან ბათირაშვილი, იგივე “ჩეჩენი ომარი”, ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით იმყოფებოდა და სწორედ იქ ამოიღეს შტატების თვითმფრინავებმა მიზანში. თუმცა, სი-ენ-ენის ინფორმაციით, ოფიციალური პირები საჯაროდ არ განაცხადებენ, რომ ბათირაშვილი მოკლულია, სანამ ამის დამადასტურებელი უტყარი საბუთი არ ექნებათ.

ალ-შიშანი დიდი ხანია, რაც “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო მეთაურად ითვლება. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრი იყო და რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა. საქართველოში სამხედრო სამსახურის შემდეგ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა. 2013 წლიდან ალ-შიშანის ექსტრემისტული დაჯგუფება ჩრდილოეთ სირიაში ISIS-ის  მოქმედ ძალებს მეთაურობდა. 2014 წლის სექტემბერში აშშ-მა აბუ ომარ ალ-შიშანი “შავ სიაში” შეიყვანა, ხოლო 2015 წლის მაისში მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 5 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა. სიენენის ცნობით, იგი მართავდა ციხეს ქალაქ რაყაში, სადაც უცხოელ მძევლებს აკავებდნენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com