ახალი ამბები

ყვითელი ავტობუსის დანახვისას მეც იგივეს ვფიქრობ გულში, რასაც თქვენ – პრემიერი

24 ივლისი, 2018 • 3295
ყვითელი ავტობუსის დანახვისას მეც იგივეს ვფიქრობ გულში, რასაც თქვენ – პრემიერი

“ვიცი თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება: რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ. დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ”, – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე.

მისი თქმით, მწვანე ეკონომიკა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი იქნება და ამ პროცესში თბილისს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება.

“სამწუხაროდ, თბილისმა და თბილისელებმა ბოლო წლებში ყველაზე მტკივნეულად მიიღეს ის შედეგები, რაც მოჰყვა არასწორ და, მე ვიტყოდი, ხშირ შემთხვევაში დანაშუალებრივ პოლიტიკას გარემოს მიმართ. ეს არის ყოვლად მიუღებელი და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ ახალ პოლიტიკასა და სტრატეგიაზე ვმუშაობდით, ორი ამოცანა გვქონდა: 1. როგორ აღმოვფხრათ ის ძალიან მძიმე შედეგები… ჩვენ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ… ის ძალიან მძიმე შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს. 2. როგორ გადავიყვანოთ ეს მიმართულება ახალ რელსებზე. აქედან გამომდინარე, თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მწვანე ეკონომიკის სტრატეგია წარმატებული იყოს. რამდენიმე დღეში მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის პრეზენტაციას გავაკეთებ”, – აცხადებს პრემიერი.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ძალიან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიემართება “არაეფექტური სატრანსპორტო ეკოსისტემის შესაცვლელად”.

“ვიცი, თითოეული თქვენგანის დამოკიდებულება, რამდენი ყვითელი ავტობუსი გაივლის, გულში რას ფიქრობთ, დამერწმუნეთ, მეც იგივეს ვფიქრობ. ამის აღმოფხვრა ერთ და ორ კვირაში შეუძლებელი იყო, თუმცა გრაფიკი, რომელსაც დღეს მერია წარმოადგენს, არის ამბიციური. განვითარებული ქვეყნების დედაქალაქებსაც კი უჭირთ, მოკლე დროში ჩაანაცვლონ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები, როგორც ამას მერია გააკეთებს ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით”, – განაცხადა ბახტაძემ.

ამავე თემაზე გირჩევთ

ბახტაძე “ისტორიის ბოლო წლების” გარემოს დაცვის პოლიტიკას დანაშაულებრივად აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი