ახალი ამბები

რუსეთი ამბობს, რომ საქართველოდან უხარისხო ღვინო შედის და კონტროლის გამკაცრებით იმუქრება

20 ივლისი, 2018 • 11831
რუსეთი ამბობს, რომ საქართველოდან უხარისხო ღვინო შედის და კონტროლის გამკაცრებით იმუქრება

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალურმა ორგანომ გადაწყვიტა, შეამოწმოს რუსეთში საქართველოდან შესული ღვინის ხარისხი და უსაფრთხოება. ამის შესახებ განცხადება მარეგულირებელმა 19 ივლისს გაავრცელა.

როგორც რუსეთის სახელმწიფო უწყება აცხადებს, 2018 წლის პირველ ნახევარში რუსეთში გამოავლინეს ქართული ღვინის პარტიები, რომლებიც არ შეესაბამებოდნენ დადგენილ ტექნიკურ რეგლამენტს და მომხარებელთა დასაცავ ადგილობრივ კანონმდებლობას. სწორედ ამიტომ, რუსეთის ტერიტორიაზე არ შეუშვეს 16 ათასი ლიტრი ქართული ღვინო.

“პროდუქციის უსაფრთხოებისა და ხარისხის ანალიზი აჩვენებს, რომ დარღვეულია წარმოების ტექნოლოგია და არ არსებობს ამის კონტროლი როგორც მწარმოებლების, ისე ქართული სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. იმ ალკოჰოლის ხარისხისა და უსაფრთხოების კონტროლი, რომელიც რუსეთში შემოდის, გაძლიერდება”, – აცხადებს რუსეთის მარეგულირებელი ორგანო.

2018 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, ღვინის ექსპორტი შეადგენს მთლიანი ქართული ექსპორტის 5.8%-ს.

ამავე თემაზე

ქართული საექსპორტო პროდუქცია ევროპაში უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე რუსეთში – ინფოგრაფიკა

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-აპრილში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ღვინის ექსპორტი 36%-ით გაიზარდა. სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მსოფლიოს 43 ქვეყანაში 25 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო გავიდა ექსპორტზე.

ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება:

  • რუსეთი;
  • უკრაინა;
  • ჩინეთი;
  • ყაზახეთი;
  • პოლონეთი.

ქართული პროდუქციის აკრძალვა რუსეთის ხელში ყოველთვის წარმოადგენდა ეკონომიკური ზემოქმედების ბერკეტს. სწორედ უხარისხობა იყო მთავარი მოტივი, რის გამოც რუსეთმა საქართველოდან პროდუქციის, მათ შორის, ღვინის შეტანა წლების წინ აკრძალა, რამაც ქართულ ეკონომიკას იმ კონკრეტულ პერიოდში მძიმე დარტყმა მიაყენა. მსგავსი მეთოდი რუსეთმა გამოიყენა სხვა ქვეყნების, მათ შორის, მოლდოვის წინააღმდეგაც. 2012 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რუსეთმა ქართულ პროდუქციას ბაზარი კვლავ გაუხსნა, რის შემდეგაც რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი წლიდან წლამდე იზრდება.

“არ მინდა ამაში პოლიტიკა დავინახო” – აბაშიძე ქართულ ღვინოზე რუსეთის განცხადებაზე

2018 წელს საქართველოს ექსპორტი EU-ში რუსეთზე $164 მილიონით მეტია

მასალების გადაბეჭდვის წესი