ახალი ამბები

თსუ-ს საუნივერსიტეტო მაუწყებლობის ჩამოყალიბება სურს – საკანონმდებლო წინადადება

19 ივლისი, 2018 • 2152
თსუ-ს საუნივერსიტეტო მაუწყებლობის ჩამოყალიბება სურს – საკანონმდებლო წინადადება

პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, თსუ-ს საკუთარი “საუნივერსიტეტო მაუწყებლობის” ჩამოყალიბება სურს.

როგორც საკანონდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, ამ უკანასკნელისთვის აუცილებელია, რომ საქართველოს კანონებში “მაუწყებლობის შესახებ” და “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ” ცვლილებები შევიდეს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცეთ სპეციალიზებული “საუნივერსიტეტო მაუწყებლობის” უფლება.

როგორც პარლამენტის საიტზე ატვირთულ დოკუმენტში ვკითხულობთ,  თსუ-ში ტელევიზია რამდენიმე მნიშვნელოვან ნიშას დაიკავებს, მათ შორის პოპულარიზაციას გაუწევს უნივერსიტეტს, საზოგადოებას გააცნობს უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევებს, საზოგადოებისთვის შესაძლებელს გახდის უნივერსიტეტის ლექტორების საჯარო ლექციების მოსმენას და:

“რაც მთავარია, საუნივერსიტეტო ტელევიზია დაეყდრნობა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების, მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის სტუდენტთა მიერ მომზადებულ მასალებს, პოპულარიზაციას გაუწევს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის, იურიდიული, ფსიქოლოგიისა და განათლების, მედიცინის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა აქტივობას და ჩართულობას, რაც სტუდენტებს მისცემს სტაჟირებისა და კარგი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას”, – წერია დოკუმენტში.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა დაევალა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს, 19 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი