ახალი ამბები

სუსი: 15 აფთიაქი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უკანონოდ ყიდდა

19 ივლისი, 2018 •
სუსი: 15 აფთიაქი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს უკანონოდ ყიდდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 15 სააფთიაქო დაწესებულებაში ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

უწყების განცხადებით, აფთიაქები, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტები უკანონოდ იყიდებოდა, თბილისსა და გორში მდებარეობს. უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ გამოძიება ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი მიზანი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის სფეროში ფსიქოტროპული საშუალებებიოს უკანონო ბრუნვის გამოვლენა იყო:

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  თბილისსა და გორში, 15 სააფთიაქო დაწესებულებაში სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული საშუალებები რეცეპტის გარეშე  შეისყიდეს, რითაც უტყუარად დადასტურდა გარემოება, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაცია უკონტროლოდ ხორციელდება” – აცხადებენ სუს-ში.

უწყების განცხადებით,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და გორში ჩაატარეს ჩხრეკა შემდეგ სააფთიაქო დაწესებულებებში: შპს „ენძელა“-ში, შპს „ნალი“-ში, შპს „ფარმა 2016“-ში, შპს „ფარმაგიდი +“-ში, შპს  „მ.ქ.  ფარმა“-ში, შპს „მულტი ვსლ“-ში, შპს „დათუჩა“-ში, შპს „სან ფარმა“-ში, შპს „ნინფარმი“-ში, შპს „იმედი +“-ში, „შპს „ნანფარმა“-ში, შპს „ფარმა-27“-ში, შპს „ნათი+“-ში, შპს „პოლისიფარმა“-ში და შპს „იმედი“-ში.

“ჩხრეკის შედეგად ამოღებულია დიდი რაოდენობით გადამალული ფსიქოტროპული პრეპარატები, ე.წ. „შავი ბუღალტერია“ და აფთიაქების  საქმიანობის ამსახველი კომპიუტერული მონაცემები. საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება ყველა იმ პირის გამოსავლენად, ვინც მფარველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ გავრცელებას” –  ვკითხულობთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი