ახალი ამბები

ბათუმში ადვოკატები პროკურატურის პოლიტიკას აპროტესტებენ

12 თებერვალი, 2014 •
ბათუმში ადვოკატები პროკურატურის პოლიტიკას აპროტესტებენ

 

 

„აჭარის მაგალითზე  ეს არის აჭარის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი, რომელმაც  კარჩაკეტილ დაწესებულებად აქცია უწყება, არ ასრულებს აჭარის ავტონომიური  რესპუბლიკის დებულებას, რომლის  მე-4 მუხლის მეორე ნაწილში წერია, რომ  პროკურორის ერთ-ერთი ვალდებლება მოქალაქეების მიღებაა; 

 ასეთი  პროკურორი არ უნდა იყოს ამ დაწესებულების მმართველი, რადგან ის სამართალდამრღვევია. რატომ არის კრიმინალი ის, ვინც იპარავს 2 ლარიან ტელეფონს და რატომ არ არის სამართალდამრღვევი პროკურორი, რომელიც არ ასრულებს სამართლებრივ დებულებას.  ვფიქრობ, ეს უფრო დიდი კრიმინალია და სჭირდება უფრო დიდი რეაქცია ჩვენი და საზოგადოების მხრიდან“, –  ასე განმარტა პროკურატურის წინ საპროტესტო აქციაზე ყოფნის მიზეზი ადვოკატმა ედიშერ მახარაძემ.

 

 

აქციაზე ათამდე ადვოკატი იმყოფებოდა.

 

ყოფილმა მოსამართლემ და ადვოკატმა, ჯემალ კიკნაძემ მისი აქციაზე ყოფნის მიზეზად მოქალაქეების მიმართვიანობა დაასახელა: „ჩვენ უფლებადამცველები ვართ და მოქალაქეები მოგვმართავენ, რომ ოთხშაბათს და პარასკევს განახლდეს  მოქალაქეების მიღება პროკურატურაში, როგორც წინა პროკურორის დროს იყო. ჩვენ მხოლოდ საქმის პროკურორებს ვხდებით, მაგრამ ზემდგომ პროკურორებს – ვერა. ასევე, ოჯახის წევრები, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ბრალდებულის საქმეზე პროკურორებს შეხვდნენ, ამას ვეღარ ახერხებენ.“

 

ადვოკატების ნაწილი პროკურორის, შოთა ტყეშელაშილის გადადგომას ითხოვს.

 

კიდევ ერთი ადვოკატი, დავით ჯაფარიძე კი ამბობს, რომ პრობლემა არა შოთა ტყეშელაშვილი, არამედ ცენტრალიზირებულად ჩაკეტილი უწყებაა: „პროკურატურა რომ იყოს ჩაკეტილი, ეს ღარიბაშვილის მოთხოვნაა“. 

ადვოკატებმა დღეს აჭარის პროკურორს კითხვების ჩამონათვალი წერილობით გაუგზავნეს.

 

 



 

მასალების გადაბეჭდვის წესი