დღეს, 18 ივლისს, მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველადმა პროფკავშირმა სოლიდარობის აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა პროფკავშირების წევრები და მეშახტეები შეუერთდნენ.
აქციაზე შეკრებული ადამიანები სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებენ დაღუპული მეშახტეების ოჯახებს. ასევე, მადლობას უხდიან პრემიერს იმისთვის, რომ გარკვეული პერიოდი, სანამ მინდელის სახელობის შახტში გაჩერდებული იქნება მუშაობა, ხელფასი აუნაზღაურდებათ, თუმცა ისინი სვამენ შეკითხვას – “შემდეგ რა ხდება?”
“ან არის სავალალო მდგომარეობა და საერთოდ არ უნდა მუშაობდეს შახტი, ან გრძელდება რეაბილიტაცია შახტის და ამ პერიოდში ვინ გადაუხდის მეშახტეებს ხელფასს? სიტყვიერი შეთანხმება არ უნდათ მეშახტეებს, უნდათ დოკუმენტალურად ხელმოწერილი, რომ გარანტია ჰქონდეს ამ ხალხს,” – განუცხადა რუსთავი 2-ს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, ლავრენტი ალანიამ.
16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში 4 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ორი მეშახტეს, რომლებმაც სხეულის მძიმე დამწვრობები მიიღეს, კანის გადანერგვის ოპერაციისთვის ამზადებენ. “საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა” თქვა, რომ მზად არის, კომპანია “საქნახშირი” სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში ბოლო ტრაგიკული შემთხვევა 2018 წლის 5 აპრილსაც მოხდა, რა დროსაც 6 მუშა დაიღუპა. აღნიშნული შახტი “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა. “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი), არა-აღმასრულებელი დირექტორი – გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში- ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი – ჯამბულ ჯაყელი.
ამავე შახტში 2017 წელს 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან ოთხი ლიფტის ჩავარდნას ემსხვერპლა.