ახალი ამბები

“ჩვენ სასაუბრო ენა გავართულეთ” – არასამთავრობო სექტორის აღიარება

17 ივლისი, 2018 • 2029
“ჩვენ სასაუბრო ენა გავართულეთ” – არასამთავრობო სექტორის აღიარება

“ვუსმენთ ჩვეულებრივ მოქალაქეებს?” – კითხვა ერთ-ერთი მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის მმართველმა დღეს, თბილისში, “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტის მიმდინარეობისას დასვა. დისკუსიისას, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევებს ეხებოდა, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელმა დელია ფერეირა რუბიომ კოლეგებს ჰკითხა, არცთუ ეფექტური კომუნიკაციის ფონზე, ხომ არ ასცდნენ ერთმანეთს მესამე სექტორი და რიგითი მოქალაქეები.

სამიტის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე დელია ფერეირა რუბიო “ნეტგაზეთსაც” ესაუბრა. “საერთაშორისო გამჭვირვალობის” დირექტორი ფიქრობს, რომ ორგანიზაციები, რომელთაც მოქალაქეებთან კომუნიკაცია ეფექტურად დაიწყეს, მოგვიანებით ასცდნენ მათ მოთხოვნებს.

“ვფიქრობ, თავდაპირველად, როცა მუშაობა დავიწყეთ, სამოქალაქო საზოგადოება მჭიდრო კავშირში იყო მოქალაქეებთან. მაგრამ, როცა ჩვენ უკვე მოგვისმინეს დიდმა ორგანიზაციებმა, მთავრობებმა, როცა სერიოზულად აღგვიქვეს მათ, ვინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, საუბრის ენა გავართულეთ და ჩვენი ექსპერტობის [დონის] გაუმჯობესებას შევეცადეთ.

რეალურად, ახლა ჩვენ ექსპერტები ვართ, ექსპერტებივით ვსაუბრობთ და ვერ ვაცნობიერებთ, რომ აუდიტორიის მიმართ ორ-ორი ენა და არხი უნდა გამოვიყენოთ: როცა მსოფლიო ბანკს, საერთაშორისო დეველოპერებსა თუ მთავრობებს ვესაუბრებით, მაშინ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ექსპერტული ენა, ჩვენი ცოდნა, მონაცემებით გაჯერებული წინადადებები… მაგრამ, როცა ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვესაუბრებით, მაგალითად, ტერმინ “სასარგებლო საკუთრების გამჟღავნების” ნაცვლად, [უბრალოდ] უნდა ვუთხრათ: ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის ამა და ამ კომპანიის რეალური მმართველი. ხალხი ამას გაიგებს”, – უთხრა რუბიომ “ნეტგაზეთს”.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ვითარება გამოსწორდეს, სამოქალაქო სექტორში მოქმედმა ორგანიზაციებმა, პირველ რიგში, სწორედ საუბრის ენა უნდა დახვეწონ:

“ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებაში მოქმედმა ორგანიზაციებმა უნდა დახვეწონ საუბრის ენა და არხები, რომლითაც ხალხს ეკონტაქტებიან.

…[საკონტაქტო] არხებიც აუდიტორიას უნდა მოერგოს. მოქალაქეებთან კონტაქტისას უფრო ქმედითები უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, ახალგაზრდობის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ არხები, რომელთაც ისინი იყენებენ. თუ უბრალოდ რაღაცას დავწერთ[ფურცლებზე] ან ვებგვერდზე განვათავსებთ რაიმეს, ეს საკმარისი არ იქნება. უნდა ვიყოთ ინსტაგრამზე, ტვიტერზე, ფეისბუქზე, ესეც ქვეყანაზეა დამოკიდებული”.

კოლეგის მოსაზრებას საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იზიარებენ. “საიას” თავმჯდომარე სულხან სალაძე ფიქრობს, რომ არასამთავრობოებს უჭირთ, მიიტანონ საზოგადოებამდე პრობლემების არსი მაშინაც კი, როცა ისინი აქტუალურია.

“მე მგონია, რომ კითხვა მდგომარეობს არა მხოლოდ იმაში, ესმის თუ არა საზოგადოებას, რაზეც არასამთავრობო სექტორი საუბრობს, არამედ იმაშიც, რამდენად ესმის არასამთავრობო სექტორს, რასაც საზოგადოება საუბრობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თემები, რომლებზეც არასამთავრობოები საუბრობენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს საკითხები აქტუალურია, ძალიან რთულია მათი  მოქალაქეებამდე მიტანა. ვგულისხმობ ისე საუბარსა და წარმოჩენას ამ პრობლემისა, რომ ადამიანებმა გაიგონ, რომ ეს მათი პრობლემაცაა.

ამის ყველაზე კარგი მაგალითი, ვფიქრობ, არის სასამართლო სისტემა. არავინ დავობს, რომ იქ პრობლემებია, მოქალაქეებიც, ერთი შეხედვით, ხშირად საუბრობენ, რომ ეს პრობლემური სექტორია. მაგრამ როცა კრიტიკული საკითხები დგება დღის წესრიგში, ძირითადად ერთი და იგივე საზოგადოება აპროტესტებს ამას, ვინც აქამდეც ასე იქცეოდა”, – განუცხადა სალაძემ “ნეტგაზეთს”.

მისი თქმით, სამოქალაქო სექტორი იმ საკითხებითაც უნდა დაინტერესდეს, რომლებიც აქტუალურია, თუმცა ამ დრომდე მისი ყურადღების მიღმა რჩება.

“თუ სამოქალაქო სექტორი იქნება მხოლოდ იმ პოზიციაში, როცა ის ესაუბრება მხოლოდ ხელისუფლებას, პოლიტიკურ ჯგუფებს, მედიას, მაგრამ მისი გავლენა და კავშირი არ არის ადამიანებთან, ეს გამოწვევა უფრო დიდი იქნება, ვიდრე აქამდე იყო”, – აცხადებს ის.

პრობლემის მნიშვნელობას უსვამს ხაზს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” საქართველოს განყოფილების აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაურიც. მისი აზრით, “გამჭვირვალობას” ამ კუთხით საქართველოში უკეთესი მდგომარეობა აქვს, თუმცა, ჯამში, საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით არასამთავრობო სექტორი უნდა გააქტიურდეს.

“ჩვენ, “საერთაშორისო გამჭვირვალობა”, ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაში ვართ იმიტომ, რომ ჩვენ ადგილებზე გვაქვს ოფისები და იქ უფასო იურიდიულ კონსულტაციებს ვთავაზობთ მოქალაქეებს, ასევე ვეხმარებით სხვადასხვა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში.

თუმცა, ზოგადად, ეს პრობლემა არსებობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი იმუშაოს არასამთავრობო სექტორმა ადგილებზე მოსახლეობასთან, იმისთვის, რომ მოსახლეობამ გაიგოს, რას ვითხოვთ და რატომ ვითხოვთ. იმიტომ, რომ ერთია, მოვითხოვოთ მართლმსაჯულების რეფორმა და მეორეა, ავუხსნათ საკითხის მნიშვნელობა მოსახლეობას, რათა გაიგონ, რომ ეს მათაც ეხებათ”, – უთხრა გიგაურმა “ნეტგაზეთს”.

ამ და სხვა საკითხებზე დღეს, 17 ივლისს, თბილისში, “ღია მმართველობის პარტნიორობის” მეხუთე გლობალურ სამიტზე იმსჯელეს.  ხვალ სამიტში ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი