ნეტგაზეთი | დევრიშაძის საქმე – კითხვები პარლამენტში დევრიშაძის საქმე – კითხვები პარლამენტში – Netgazeti
RU | GE  

დევრიშაძის საქმე – კითხვები პარლამენტში

“ხომ არ იცოდით პეტრე დევრიშაძის შესახებ არც თქვენ და არც თავდაცვის მინისტრმა? კონტრდაზვერვა რისთვის არის”? – ჰკითხა დეპუტატა გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრს, თუმცა ბოკერიასაც ჰკითხეს, რატომ გააფორმეს ჯაშუშობაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება წინა ხელისუფლების დროს.  

დევრიშაძის თემა  14 ივლისს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, მთავრობის დამტკიცებისას, ერთ-ერთი დისკუსიის საგანი იყო.

საუბარია 2010 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ პეტრე დერვიშაძეზე, რომლის შესახებაც სტუდია “მონიტორმა” ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ მისმა კომპანიამ თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების არაერთი ტენდერი მოიგო.

“ევროპული საქართველოს” ლიდერმა დევრიშაძე უსაფრთოხების სამსახურის ფუნქციებთან დაკავშირებით კომენტარისას ახსენა:

“თქვენ არ გსურთ, რომ უსაფრთხოების სამსახური იყოს თქვენი პასუხისმგებლობა, არადა მაინც გეკისრებათ. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი თქვენ არ გემორჩილებათ, არადა თქვენი პასუხისმგებლობაა. სუსი არის კლასიკური აღმასრულებლის ფუნქცია. არც სასამართლოა, არც პროკურატურაა. ამ ჩავარდების ფონზე, როცა სუსმა რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული ადამიანი, რომლის გაცვლასაც გვთხოვდა რუსეთი, თურმე ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულს იღებდა და თქვენ კი იძახით პროცედურა არ გვქონდაო, მაგრამ ხომ არც იცოდით ამის შესახებ? არც თქვენ, არც თავდაცვის მინისტრმა როგორც თვითონ იძახის? კონტრდაზვერვა რისთვის არის?”

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამ კითხვაზე უპასუხა, რომ საკანონმდებლო ხარვეზი უნდა გასწორდეს:

“ვფიქრობ, რომ ეს ხარვეზია და  სჭირდება დაკორექტირება საკანონმდებლო დონეზე. როდესაც არის ხარვეზი, ის უნდა გასწორდეს კანონის გზით და ამაზე მუშაობენ”. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს თხოვა კიდევ ერთხელ განემარტა ეს საკითხი.  

“სანამ ეს ინფორმაცია საჯაროდ გახდებოდა ცნობილი, ერთ-ერთმა ტენდერში მონაწილე კომპანიამ გაასაჩივრა შესყიდვების სააგენტოში, ეს მისი უფლებაა. შესაბამისად ამ საჩივრის შემდეგ შესყიდვების სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ხელახლა ჩატარდეს ტენდერი. ეს ქრონოლოგიურად წინ უსრწებდა დევრიშაძის მიერ ამ ტენდერში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას. შესაბამისად ჩვენ ამ ინფორმაციის გასაჯაროებამდე ტენდერი ჩავშალეთ”, – განაცხადა იზორიამ.

“კონტრდაზვერვის მიმართულებით წავიდა კითხვები და აქაც მინდა გავამართლო კონტრდაზვერვა, ყველა ორგანო მოქმედებს გარკვეული სამართლებრივი საფუძვლით. შესაბამისად, ჰქონდა კი კონტრდაზვერვას საფუძველი, რომ დაზესუტებინა ამ პიროვნების მონაწილეობა ამ ტენდერში? ტენდერებში, რომელიც ფარული არ არის,  კონტრდაზვერვას არა აქვს არანაირი უფლება კანონით ჩაერიოს და შეაგროვოს პერსონალური ინფორმაცია. კონტრდაზვერვა ამ საფუძვლის გარეშეა, რომ ითანამშრომლოს, თუნდაც დაერეკა, ეთქვა, მე ეს ჭორი მაქვს. ეს არის კანონიერ საფუძველს მოკლებული მოქმედება. იმიტომ რომ შესყიდვების შესახებ კანონი ამბობს, რომ ყველას უნდა მოექცე თანაბრად, დისკრიმინაციის გარეშე და ფარული უნდ აიყოს ყველა პიროვნების მონაწილეობა. ამიტომ აქ პროვოცირებას აქვს კანონმდებლის მხრიდან ადგილი, რომ კონტრდაზვერვა სად იყო, ეს ყოველგვარ სამართლებრივ კულტურის მიღმაა”.

დევრიშაძის თემაზე საუბრით დაიწყო თავისი გამოსვლა უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა:

“მიწევს გამოსვლა დავიწყო იმ თემაზე საუბრთ სადაც ჩვენი ოპოზიცია, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს ლაპარაკობენ და ზედმეტი მოსდით, როცა საუბრობენ დევრიშაძის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე და ტენდერებში მონაწილეობაზე.

საწყის ეტაპზე ბატონმა გიგა ბოკერიამ გვკითხა სად იყო კონტრდაზვერვა. მე მინდა აქეთ შევეკითხო ბატონ გიგა ბოკერიას – ბატონო გიგა გეკითხებით, თქვენ ხომ ძლიერი მმართველობა გქონდათ –  2008 წელს რომ ადამიანმა, თქვენი მტკიცებით, დანაშაული ჩაიდინა, მხოლოდ 2010 წელს მიუსაჯეთ მას ჯაშუშობის მუხლით 7 წელი. მანამდე მას საშუალებას აძლევდით რომ მონაწილეობა მიეღო შესყიდვებში, ასევე რამდენიმე მილიონის საჩუქარი მიიღეთ. მაშინ როდესაც ჯაშუშობა უკვე ჩადენილი ქონდა. ორი წელი დაგჭირდათ რომ დაგედგინათ, რომ ჯაშუში იყო. მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა აქ ის არის, 7 წელი რომ მიუსაჯეთ ჯაშუშობისთვის, ჯაშუში ჩემთვის ძალიან სერიოზული ბრალდებაა, მით უმეტეს, როდესაც იმ ქვეყნის ჯაშუშია, რომელთანაც ომი გქონდათ, რომელმა ქვეყანამაც შენი მოსახლეობა მოგიკლა. ეს ჯაშუში ერთ წელიწადში გაუშვით ციხიდან. ასე რომ პირველ რიგში ამ კითხვაზე გაეცით პასუხი და დანარჩენზე მთავრობამ, მინისტრებმა ძალიან მარტივი პასუხი გაგცეს. სამართლებრივ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა არის მთავარი”.

გიგა ბოკერიას ამ კითხვაზე პასუხი პარლამენტში არ გაუცია, მან თავისი დრო არ გამოიყენა.


ვინ არის პეტრე დევრიშაძე

პეტრე დევრიშაძე სპეცოპერაცია “ენვერის” დროს დააკავეს 2010 წელს. ოპერაცია “ენვერი”, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარებიდან ირკვევა, 2006 წელს დაიგეგმა და 2010 წელს განხორციელდა. ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ცამეტივე მოქალაქე აჭარის მკვიდრია. დაკავებულთაგან აღიარებითი ჩვენება მხოლოდ ორმა– ბიზნესმენმა პეტრე დევრიშაძემ და მფრინავმა გაბრიელ უსტალიშვილმა მისცა. 2011 წელს, იმავე ხელისუფლების პირობებში, რომლის დროსაც დევრიშაძე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, იგი გათავისუფლდა. დევრიშაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს.

ტენდერები

დევრიშაძის კომპანიისა და სახელმწიფო უწყებების შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებზე პირველად ინფორმაცია სტუდია “მონიტორმა” გაავრცელა, შემდეგ კი ტელეკომპანია”რუსთავი 2″-მა მოამზადა სიუჟეტი შაბათის კურიერისთვის, 30 ივნისს. რუსთავი 2-ის ცნობით, დევრიშაძეს ყველაზე მეტი ტენდერი მოგებული აქვს ლევან იზორიას მინისტრობის დროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტო პეტრე დევრიშაძის კომპანიასთან, “მარგიოსთან” გაფორმებული ტენდერი 2018 წლის 3 ივლისს გააუქმა. თავდაცვის სამინისტროსთან ჩაშლილი ტენდერის შესახებ კი დღეს გახდა ცნობილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი