სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, მოშიმშილეების მოთხოვნა სამი პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის საქმის გამოძიებაა.
“ისინი ითხოვენ სამი მსჯავრდებულის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიებას პროკურატურის მხრიდან. შესაბამისად, ადმინისტრაციის, იმ თანამშრომლების პასუხისმგებლობას და პირველ რიგში დროებით თანამდებობებიდან ჩამოშორებას, რომელთა დანაშაულის კვალიც შეიძლება გამოიკვეთოს.”
გარდა ამისა, ნანუაშვილის თქმით, პატიმრები გარკვეული შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ.
“საუბარია იმაზე, რომ ბოლო პერიოდში გარკვეული შეზღუდვები იქნა დაწესებულებაში შემოღებული და მათი უფლებების განხორციელება ვერ ხდება. ეს შეზღუდვები ეხება კანონით დაცული უფლებების განხორციელებას. შესაძლოა ეს იყოს საკვებთან დაკავშირებით, გრძელვადიან პაემანთან დაკავშირებით, ტანსაცმელთან დაკავშირებით, ამანათებთან დაკავშირებით და სხვა”,- ამბობს ნანუაშვილი.
“ისინი აცხადებდნენ, რომ ფიზიკური დაზიანება მიიღეს. მათ ნამდვილად აქვთ გარკვეული დაზიანება მიღებული. სწორედ ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა არის გამოძიების ჩატარება, გამოძიებამ უნდა გარკვიოს, თუ როგორ და რა გარემოებაში მოხდა ამ დაზიანების მიღება,”-აღნიშნა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენი ამბობს, რომ მსჯავრდებულების მიერ მოთხორიბილი ფაქტების სინამდვილეს გადაამოწმებენ და მათ საჩივრებს შეისწავლიან. სახალხო დამცველის ოფისის განმარტებით, ათასამდე მსჯავდებული შეუერთდა აქციას.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რვაასამდე პატიმარი შიმშილობს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხდა, რომ აღნიშნული პროტესტის შესახებ სამინისტრომ რამდენიმე კვირის წინ იცოდა.
“რამდენიმე კვირის წინ ვიცოდით, რომ აქცია დაიწყებოდა. რამდენიმე სხვადასხვა ვერსიას განიხილავდნენ პატიმრები, რა შეიძლებოდა ეთქვათ მიზეზად. სახალხო დამცველსაც კი გავუგზავნე მესიჯად, რომ არ გაგიკვირდეთ, როცა ეს დაიწყება. სწორედ გეგუთიდან იყო, და დაიწყო კიდეც. უბრალოდ, ყველა ადამიანს უნდა გარეთ გამოსვლა და ეს არის შეუძლებელი. ზოგჯერ არის, რომ რეჟიმი როდესაც კანონის ჩარჩოებში ექცევა, არის კატეგორა ადამიანებისა, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, მაგრამ, როგორც წესი, სხვა მიზეზს ამბობენ, არასოდეს არ ამბობენ იმას, რომ კანონი ზღუდავს მათ უფლებებს”- განაცხადა სუბარმა.







