ახალი ამბები

პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემს დასახელებას სრულად გამოვრიცხავ – კახა კახიშვილი

13 ივლისი, 2018 • 2198
პრეზიდენტობის კანდიდატად ჩემს დასახელებას სრულად გამოვრიცხავ – კახა კახიშვილი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის, კახა კახიშვილის თქმით, სრულად გამორიცხავს მმართველი გუნდის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მისი კანდიდატურის დასახელებას. ამის შესახებ მან “რეაქციის” ეთერში განაცხადა.

“100%-ით გამოვრიცხავ [კანდიდატად დასახელებას]. ამის სურვილი მე არ მაქვს, საერთოდ არ მიყვარს აქტიური პოლიტიკური თანამდებობები. შემოთავაზება არც მმართველი გუნდიდან ყოფილა, მაგრამ რომც იყოს, მე უარს ვიტყვი და 100%-ით გამოვრიცხავ,” – განმარტა კახიშვილმა.

კახიშვილმა ასევე ისაუბრა ადმინისტრაციის უფროსად მის დანიშვნის გადაწყვეტილების შესახებ. მისი თქმით, ის იყო წარდგენილი მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე, თუმცა, თავად დაუკავშირდა საპროკურორო საბჭოს და შეჩერება სთხოვა. როგორც კახიშვილმა განმარტა, საპროკურორო სისტემაში კონცეპტუალური რეფორმაა საჭირო, თუმცა მის ცხოვრებაში სხვა, “ახალი ეტაპი იწყება.”

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ის “ნაწყენი” გუნდზე იმის გამო, რომ მინისტრთა კაბინეტში აღარ მოხვდება, კახიშვილი პასუხობს:

“შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს [მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნა] არის დაქვეითება ან დაწინაურება, მაგრამ მე ამ ორს შორის არცერთ აზრს არ ვემხრობი. მე ვფიქრობ, რომ  თუ არის საქმე გასაკეთებლი და თუ ამას მოითხოვს ის გუნდი, რომელშიც ტრიალებ და რომლის ნაწილიც ხარ… არავინ არავის ზემოდან უყურებს. ნაყწენი ნამდვილად არ ვარ. ნაწყენი რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივიღებდი გადაწყვეტილებას,” – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ კახა კახიშვილი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი