ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საბჭოთა წარსულში დაბრუნება: აზერბაიჯანში ბამბის კრეფას ავალდებულებენ

13 ივლისი, 2018 • 4247
საბჭოთა წარსულში დაბრუნება: აზერბაიჯანში ბამბის კრეფას ავალდებულებენ

[blue_box]ბამბა ნავთობის სანაცვლოდ?[/blue_box]

2018 წლის 10 ივნისს საათლის [საათლი ერთ-ერთი ცენტრალური ქალაქი აზერბაიჯანში, სადაც ტრადიციულად აწარმოებენ ბამბას] ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში 24 ადამიანი მოხვდა.

ყველა დაზარალებული ბამბის პლანტაციაზე მუშაობდა. პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად რაიონში ექიმების ჯგუფიც ჩავიდა.  

ექიმებმა დაასკვნეს, რომ დაზარალებულები ქიმიური პრეპარატით “Formula 5-FEC” იყვნენ მოწამლული. ამ პრეპარატს მწერებთან და მავნებელებთან საბრძოლველად იყენებენ. როგორც გაირკვა, ყანაში მომუშავეებმა უსაფრთხოების ზომები არ დაიცვეს და მცენარის შეწამვლიდან მალევე მინდორში სამუშაოდ გავიდნენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსგავსი შედეგებით სრულდება ბამბის პლანტაციებზე მუშაობა აზერბაიჯანში.

ჯერ კიდევ 2016 წელს ადგილობრივ მედიაში და სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობზე, რომ ადამიანებს ბამბის პლანტაციებზე მუშაობას აიძულებდნენ. ეს ამბები ძირითადად აზერბაიჯანის ცენტრალური რაიონებში ხდებოდა. იქ, სადაც ბამბის წარმოებაა განვითარებული. თუმცა ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებმა მაშინ უარყვეს ეს ინფორმაცია. ამავე დროს, მედიცინის სფეროში დასაქმებულები და მასწავლებლები სოციალურ ქსელებში ანონიმურად წერდნენ და მედიას ინტერვიუებს აძლევდნენ საკუთარი გამოცდილების შესახებ.

ამინა გარაევა [მისივე უსაფრთხოების მიზნით სახელი და გვარი შეცვლილია] ბილიასუვარის რაიონულ პოლიკლინიკაში მედდად მუშაობს. უკვე მესამე წელია ამინა ზაფხულს შიშში და სტრესში ატარებს.

“ორი წლის წინ ხელმძღვანელობამ შეგვკრიბა. გვითხრეს, რომ მედპერსონალი სრული შემადგენლობით, რამდენიმე ექიმის გამოკლებით, აგვისტოს ბოლოდან ბამბის დასაკრეფად უნდა წავსულიყავით. ისიც გვითხრეს, რომ სანერვიულო არაფერი გვქონდა, დაკრეფილი ბამბისთვის გადაგვიხდიდნენ და იმ თვეების ხელფასსაც მოგვცემდენ, როდესაც პოლიკლინიკაში ვერ ვიქნებოდით”.

ამინა ამბობს, რომ მედპერსონალმა მაშინვე გააპროტესტა ეს ამბავი, რადგან ყველამ იცოდა, თუ რამდენად რთულ ფიზიკურ შრომასთან ექნებოდათ საქმე.

“მაშინ უკვე ხელმძღვანელობა დაგვემუქრა, რომ ვინც მოთხოვნას არ დათანხმდება, დათხოვილი იქნება სამსახურიდან. ამასთან, გვითხრეს, რომ ჩვენი მხარის ყველა სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი მიდიოდა ბამბის საკრეფად. არჩევანი არ დაგვიტოვეს, წავედით პლანტაციებზე”, – ამბობს ამინა,

როგორც ამინა ამბობს, პლანტაციებზე წაყვანამდე მინიმალური პირობებიც არ გააცნეს.

“წყალი, საკვები და გამოსაცვლელი ტანსაცმელი ჩვენით მიგვქონდა, ტომრების შოვნაც კი ჩვენ მოგვიწია”.

ბამბის წარმოების პიკი აზერბაიჯანში 2016 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ამ მიმართულების განვითარების სურვილი გაახმიანა. საბირაბადის რაიონში პრეზიდენტმა რესპუბლიკური კრება ჩაატარა, რომელიც მიეძღვნა ბამბის წარმობის თემას.

ილჰამ ალიევი ბამბის წარმოების შესახებ სხდომას ატარებს; ფოტო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მაშინ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი იყო, ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცა. ეროვნული ვალუტის, მანათის ორმაგი დევალვაცია მოხდა. ხელისუფლებამ მოგების სხვა მიმართულების ძებნა დაიწყო.

ბამბის წარმოებისადმი მიძღვნილ სხდომაზე ქვეყნის ლიდერმა განაცხადა: “ნავთობი უნდა დავივიწყოთ და სხვა გზები უნდა ვიპოვოთ”. ალიევი  ამ სხვა გზას “თეთრ ოქროში” ხედავდა.

ალიევის სხდომიდან მალევე ბამბა 51 ათასი ჰექტარზე დათესეს – სამჯერ მეტი, ვიდრე 2015 წელს.

ადგილობრივმა პრესამ, რა თქმა უნდა, ეს მოვლენა პოზიტიურად გააშუქა – მთავარი ყურადღება კი ბამბის პლანტაციებში დასაქმებულთა რაოდენობაზე გაამახვილა – 24 რაიონში 70 ათასი ადამიანი დასაქმდებოდა, რაც უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას ნიშნავდა.

როდესაც ბამბის პლანტაციები რამდენიმე ათეული ათასი ჰექტრით გაფართოვდა, ქვეყანაში მოსავლის აღების კრიზისი დადგა. სახელმწიფო მხარდაჭერის პიროებებში კი 1 კილოგრამი ბამბის შესყიდვის ფასი იმდენად დაბალი აღმოჩნდა, ადგილობრივებს კრეფის მოტივაცია გაუქრათ.

ეკონომისტ ნატიგ ჯაფარლის თქმით, კრიზისი იმიტომ გაჩნდა, რომ როდესაც ბამბის საქმეში რეფორმები დაიწყო, არ ჩაუტარებიათ რაიმე წინასწარი ეკონომიკური და ტექნიკური ანალიზი:

“მსოფლიო პრაქტიკა ამბობს, რომ ბამბის წარმოება მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მომგებიანი, როდესაც არსებობს მაღალთანამედროვე ტექნიკა, ყველაზე ძვირადღირებული შრომა – ხელით შრომა მინიმალური უნდა იყოს. ვინაიდან ეს კრიტერიუმი არ არსებობდა, კაპიკებზე მუშობაზე დასაქმებულებმა უარი თქვეს”.

მაშინ უკვე საქმეში სახელმწიფო სტრუქტურები ჩაერთვნენ. პლანტაციებზე პროვინციების საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების ექიმების, მასწავლებელების, სტუდენტებისა და მოსწავლეების გაგზავნის პროცესი დაიწყეს.

საქმეში მასწავლებლებისა და სტუდენტების ჩართვის ფაქტები ადგილობრივი ტელევიზიების მიერ ასევე პოზიტიურად გაშუქდა. პროსახელისუფლებო მედია იმაზე აპელირებდა, რომ სტუდენტებსა და მასწავლებლებს საშუალება ექნებოდათ დასვენების დღეები ბუნებაში გაეტარებინათ.

პლანტაციაზე დასაქმებული ამინა ამბობს, რომ მათი სამუშაო დღეები აგვისტოს შუა რიცხვებიდან იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

“სექტემბრის ბოლომდე უნდა ვიმუშაოთ პაპანაქება მზეზე. ეს ტანჯვაა. ჩენ არასდროს გვიმუშავია სოფლის მეურნების სფეროში, ექიმები ვართ. არის შეთხვევები, როდესაც მზის დარტყმას ვიღებთ და ცხვირიდან სისხლის გვდის. ვიძახებთ იმ სასწრაფო ბრიგადას, ვინც მუშაობს, იმიტომ, რომ მედპერსონალი აღარ რჩება რაიონში”.

ბამბის წარმოებას ქვეყნის ეკონომიკაში 70-80-იან წლებში დიდი ყურადღება ექცეოდა. აქ მუშაობდნენ არა მხოლოდ კოლმეურნეობის თანამშრომლები, სრულიად სოფლის მოსახლეობა, სტუდენტები. საბჭოთა დროს ბამბის წარმოების მოცულობა წელიწადში 800 და 1000 ტონაზე მეტს აღწევდა. ამ სფეროს განვითარებამ არსებობა 90-იან წლებში შეწყვიტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი