ახალი ამბები

უსუფაშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ინტერფრაქციულ ჯგუფში შეუთანხმებლობა

6 თებერვალი, 2014 •
უსუფაშვილისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ინტერფრაქციულ ჯგუფში შეუთანხმებლობა

როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო საკითხებზე საკანონმდებლო პროექტები მომზადებულია და პარლამენტში ოფიციალურად მალე იქნება წარმოდგენილი:

 

“ის კრიტიკა, რომლებიც ბოლო შეხვედრის დროს ინტერფრაქციული ჯგუფის შეხვედრაზე გამოითქვა… მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ამ ჯგუფის წევრებს ინტერფრაქციული ჯგუფის დანიშნულება და მასში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობები. ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით და იგი, პირველ რიგში, არის პარლამენტში არსებულ ფრაქციებს შორის საკონსულტაციო ორგანო. თუ რაიმე საკითხებზე ბოლომდე ვერ იქნა მიღწეული ურთიერთგაგება, ეს მოულოდნელი არ არის, რადგან შეუძლებელია 17-18 პოლიტიკური პარტია ყველა საკითხზე ერთ დასკვნამდე მივიდეს.”

 

მისივე თქმით, მას არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ და შეხვედრა თხოვეს:

 

“როდესაც თბილისში დავბრუნდები, აუცილებლად შევხვდები მათ და კიდევ ერთხელ მოვისმენ მოსაზრებებს პროცესზეც და შინაარსზეც.”

 

 

უსუფაშვილმა არასამთავრობო სექტორის აქტიურობაზეც გააკეთა აქცენტი და განაცხადა, რომ ეს მისასალმებელია, თუმცა იქვე დაამატა, რომ მათი მონაწილეობის ფორმები დასახვეწია:

 

“ამასობაში მონაწილეობის ფორმები, როგორც ჩანს, დასახვეწია და მე მათთანაც მექნება ალბათ შეხვედრა უახლოეს დღეებში, რაღაცნაირად უნდა მოვახერხოთ სათქმელის თქმა, კონკრეტული  პოზიციების დაფიქსირება, მაგრამ ამასობაში გადაწყვეტილებების მიმღები ადამიანებისთვის და ორგანოსთვის გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების დატოვება, იმიტომ, რომ, მაგალითად, საარჩევნო სისტემის საკითხები, რომ ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქებია  დემოკრატიული, თუ მრავალმანდატიანი, ამაზე ევროპის საბჭო და ვენეციის კომისია ვერ ყალიბდება. ეს ხშირად პოლიტიკური კონსესუსის შედეგია არსებულ დემოკრატიულ სისტემებს შორის და რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ან სხვა მოთამაშის მხრიდან იმის დაჟინება, რომ ამ მოცემულ მომენტში ეს სისტემაა უფრო სწორი, თუ სხვა სისტემაა, ნუ, შეგვიძლია ბოლომდე ჩვენი პოზიციები გვქონდეს, ვამტკიცოთ, მაგრამ, თუ სხვამ არ გაიზიარა, მისთვის არადემოკრატიულობაში ბრალის დადება, ცოტა არ იყოს, უსაფუძვლოა.  

 

ჩვენი პროცესი ღია იმიტომ არის და მრავალფეროვნება და მრავალპარტიულობა იმიტომ გვინდა, რომ სწორედ ისე უნდა მოვახერხოთ ცხოვრება, ზოგჯერ ვერ შევთანხმდებით ხოლმე. ყველაფერში და ყველას შეთანხმება ყველა საკითხზე, ვიცით, რომელი სისტემის პირობებშია შესაძლებელი და ასეთ სისტემას ჩვენ არ ვცნობთ,”-აღნიშნა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი