ახალი ამბები

მინისტრობის ახალი კანდიდატები – რა ვიცით მათზე?

11 ივლისი, 2018 • 4788
მინისტრობის ახალი კანდიდატები – რა ვიცით მათზე?

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 ივლისს მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი წარადგინა. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულია დაინიშნება, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის გაერთიანებულ სამინისტროს მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს, ფინანსთა მინისტრის პოსტზე  კი ივანე მაჭავარიანი არის წარდგენილი.

“ნეტგაზეთი” თითოეული მათგანის შესახებ მოკლე ინფორმაციას წარმოგიდგენთ.

გიორგი ქობულია

გიორგი ქობულია ამჟამად ამერიკულ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია “McKinsey & Company”-სთან თანამშრომლობს. ის კომპანიის მოსკოვის ოფისში უფროსი პარტნიორის პოზიციას იკავებს.

გიორგი ქობულია. ფოტო: McKinsey & Company

მისი საქმიანობის სფერო ნავთობისა და გაზის, სამთო და მეტალურგიულ სექტორებს მოიცავს. ამ მიმართულებით მომუშავე კომპანიებს კონსულტაციას უწევს სტრატეგიული განვითარების, ორგანიზაციული ტრანსფორმაციის, მარეგულირებელი სტრატეგიისა და სხვა მიმართულებებით.

კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად,  1996-1999 წლებში ქობულია მუშაობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია “Merck, Sharp, & Dohme”-ში. 1994-1996 წლებში კი საქართველოს კარდიოლოგიურ ინსტიტუტში საქმიანობდა.

გიორგი ქობულიას უმაღლესი განათლება საქართველოსა და აშშ-ში აქვს მიღებული: არის საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორი და ემორის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების მაგისტრი.

მიხეილ ბატიაშვილი

მიხეილ ბატიაშვილი ამჟამად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის(BTU) რექტორის თანამდებობას იკავებს. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სიის თანახმად, ბატიაშვილი ამავე დაწესებულებაში ბიზნესის ადმინისტრირების ასოცირებული პროფესორიცაა.

BTU-ს აკრედიტაცია 2016 წელს მიენიჭა. უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით მოქმედებს როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. როგორც საიმიჯო ტექსტში ვკითხულობთ, უნივერსიტეტი სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებს ციფრულ ტექნოლოგიებს და მას წარმართავს ორი დარგის – ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინტეგრირების საფუძველზე.

მიხეილ ბატიაშვილი. ფოტო: BTU

ზემოაღნიშნული უნივერსიტეტი ტექნოლოგიური ცენტრის, “სილიკონ ველი თბილისის” ნაწილია, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სწორედ მიხეილ ბატიაშვილია.

გარდა რექტორობისა და პროფესორობისა, ბატიაშვილი უნივერსიტეტის წილების 27%-ს ფლობს. მასთან ერთად წილებს ინაწილებს კიდევ ოთხი პირი, მათ შორის ირაკლი თევდორაშვილი(25%), გრიგოლ ბულია(3%) იოსებ ხუციშვილი(3%), მინდია საბანაძე(33%) და ზაზა ბუაძე(8%).

აღნიშნულ მეწილეთა ნაწილი, მათ შორის, ირაკლი თევდორაშვილი და ზაზა ბუაძე წილებს მულტიმედია ჰოლდინგ “პალიტრა მედიაში” ფლობენ. თევდორაშვილი ჰოლდინგის 75%-ს ფლობს, ბუაძე კი- 25%-ს. ამასთან, ისინი პროცენტებს ჰოლდინგში შემავალ სხვადასხვა შპს-შიც ინაწილებენ, მათ შორისაა, გამომცემლობა “პალიტრა L “, ელვასერვისი”, შპს “ახალ ამბები” და სხვ.

როგორც საჯარო რეესტრის ბაზაში არსებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, “ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის” ხუთივე მეწილე, მათ შორის, ბატიაშვილი, წილებს ფლობენ შპს წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაშიც. როგორც სკოლის ერთ-ერთი მეწილე და დირექტორი გრიგოლ ბულია 2006 წელს ჟურნალ “კარიბჭეს” უცხადებდა, სკოლაში აღზრდა ” მართლმადიდებლური სწავლების პრინციპებს ეფუძნება”.

ზემოთ ნახსენები “სილიკონ ველის” ნაწილია “ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბიც”. დაწესებულების ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს მიხეილ ბატიაშვილი ჰარვარდის ბიზნესსკოლის სტრატეგიისა და კონკურენტუნარიანობის ინსტიტუტის წევრი გახდა. ამავე გრაფაში მითითებულია, რომ ისაა საკონსულტაციო კომპანიის “IPN Consulting”- ის თანადამფუძნებელიც.

მანამდე ბატიაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანი იყო. ის აღნიშნულ პოსტს 2013-2015 წლებში იკავებდა. უნივერსიტეტში კი, ჯამში, 10 წლის მანძილზე – 2006-2016 წლებში მუშაობდა.

ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი ამჟამად კომპანია “ჯეოსელის” საცალო ბიზნესერთეულის დირექტორია. ის აღნიშნულ პოზიციას 2015 წლიდან იკავებს.

ივანე მაჭავარიანი. ფოტო: GAU

მაჭავარიანმა “ჯეოსელში” მუშაობა 1997 წელს დაიწყო. 2004 წელს გახდა ფინანსური დაგეგმარებისა და საერთაშორისო რეპორტინგის მენეჯერი, 2006 წელს კი – ფინანსური დირექტორი. 2012-15 წლებში კომპანიის კომერციული დირექტორის პოზიციას იკავებდა და მარკეტინგის, გაყიდვებისა და აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებებზე იყო პასუხისმგებელი.  ამჟამინდელ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებს.

მაჭავარიანს ეკონიმიკის მაგისტრის ხარისხი აქვს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის ახალი წევრები წარადგინა – სრული სია

მასალების გადაბეჭდვის წესი