ახალი ამბები

პროკურატურამ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე ბრალდება უკან გაიხმო

4 თებერვალი, 2014 • • 1308
პროკურატურამ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე ბრალდება უკან გაიხმო

“სასამართლო პროცესი იყო, სადაც ბრალდების ნაწილზე პროკურატურამ უარი თქვა, ანუ 182-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის, ეს არის გაფლანგვა, რაც იყო ყველაზე მძიმე ბრალდება, ამ ნაწილში მოხსნა პროკურატურამ საერთოდ ბრალდება, ხოლო დანარჩენი საქმე გაითხოვა საერთოდ სასამართლოდან. ანუ საქმე აღარ გაგრძელდება და განაჩენი აღარ დადგება საერთოდ”, – განმარტავს სოსო ბარათაშვილი. მისივე თქმით, პროკურატურას მიზეზებზე არ უსაუბრია.

პროკურატურის ინფორმაციით საქმის გამოთხოვა განრიდების მოგივაციით მოხდა:

 

“2014 წლის 4 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. „ტრაქტორების“ საქმეზე, ბრალდებულების განცხადების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულებისათვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტებისა და განრიდების მოტივით საქმის გამოთხოვის თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, მთავარი პროკურატურის  შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე ყველა ბრალდებულს დაუზუსუტდა  ბრალი მხოლოდ სსკ-ის 332-ე მუხლის  პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ასევე საქმე დაბრუნდა პროკურატურაში ბრალდებულების განსარიდებლად. უახლოეს დღეებში, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681-1682-ე მუხლების შესაბამისად მიღებული იქნება გადაწყვეტილება ბრალდებულების განრიდების შესახებ”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დახმარების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო ორმოცდათოთხმეტი მილიონი ლარი,  რაც უნდა მოხმარებოდა მოსახლეობის კუთვნილი მიწების ხვნა-თესვას.

 

ამ პროექტისათვის მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხიდან ორმოცდაათი მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო- სამეურნეო  ტრაქტორებისა და სხვადასხვა საჭირო აგრეგატის შეძენა დაევალა შპს “მექანიზატორს”. შესყიდვის კონტროლისათვის სპეციალურად შეიქმნა შესაბამისი კომისიები, რომელშიც შედიოდნენ როგორც შპს “მექანიზატორის”, ასევე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები.

 

შსს-ს ცნობით, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევისა და შესყიდვის დროს სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შემოთავაზებულ, პრაქტიკულად თანაბარი სპეციფიკაციების მქონე ტრაქტორებს შორის უპირატესობა დანაშაულებრივად მიენიჭა უარესს, რის შედეგადაც ერთ ერთეულ ტრაქტორში გაიფლანგა დაახლოებით ათი ათასი ევრო:

 

“2013 წლის იანვრის თვეში განხორციელდა ტრაქტორებისა და საჭირო ტექნიკის შეძენა, რა დროსაც თანამდებობის პირებმა  დანაშაულებრივი ქმედებით გაფლანგეს მოსახლეობის დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ორი მილიონ ხუთასი ათასი ლარი.

 

მხილებულმა პირებმა  დანაშაულის დასაფარად ზეწოლა მოახდინეს სისხლის სამართლის საქმეზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფზე,  რათა მიეღოთ მათთვის სასურველი დასკვნა და თავი აერიდებინათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის”, – ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა.

 

ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მხილებული და დაკავებული იქნენ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამმართველოს უფროსი – ომარ თედორაძე; სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ინსტიტუტის დირექტორი – ზაზა მახარობლიძე; შპს მექანიზატორის დირექტორი ვაჟა ნახუცრიშვილი და მისი ორი მოადგილე, მამუკა ივანიაძე და ბესიკ თეთვაძე, აგრარული უნივერსიტეტის სრული პროფესორი – ოთარ ქარჩავა.

 

ამ ფაქტის შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე დაკავებული თამამდებობიდან გადადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი