ახალი ამბები

ადგილობრივების თქმით, ხადის ხეობაში მოკლული ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს

9 ივლისი, 2018 •
ადგილობრივების თქმით, ხადის ხეობაში მოკლული ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს

ადგილობრივების თქმით, დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში, საქართველოში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმრის 4 წლის შვილის ცხედარი დამარხული გუშინ, 8 ივლისს, გვიან ღამით იპოვეს. მათ კომენტარს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს.

როგორც ხეობის მცხოვრებლები ამბობენ, ბავშვის ცხედრამდე სამართალდამცველები მიიყვანა ბრალდებულმა 19 წლის მწყემსმა. მათივე თქმით, აღნიშნულ პირს თან ჰქონდა იარაღი, რომლითაც მოკლა ჯერ კაცი, შემდეგ ქალი, ბოლოს კი- ბავშვი. ადგილობრივების ინფორმაციით,  მან თავად აღიარა დანაშაული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პირველადი დათვალიერებით არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. თუმც ჟურნალისტთან საუბრისას ადგილობრივები არაერთხელ აღნიშნავენ, რომ ბრალდებულმა ოჯახი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ნეტგაზეთი დილიდან ცდილობს დაუკავშირდეს შსს-ს, რათა გაარკვიოს მომხდარის ახალი დეტალები, თუმცა უწყება ჩვენს ზარებს არ პასუხობს.

შსს-ს განცხადებით, მიმდინარე წლის 6 ივლისს “112”-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირისა და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრა.

“პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს სამძებრო სამუშაოები და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ერთ-ერთი დაკარგული ტურისტი ავტომანქანიდან დაახლოებით 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი იპოვეს. დანარჩენი ორი ტურისტის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო შეჩერებული იყო.

მეორე დღეს ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი ტურისტი – მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

განახლება: 9 ივლისს შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც დეტალურად არის აღწერილი მომხდარის შესახებ უწყების ვერსია.

შსს: ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი ოთხი 4 წლის შვილის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

დღეს აშშ-ის საელჩოსთან მოკლული სმიტების ოჯახის სამოქალაქო სამძიმარი გაიმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი