ახალი ამბები

სერგეენკო: ჩვენთან ადამიანების 60% კიბოს დიაგნოსტიკას მესამე, მეოთხე სტადიაზე ახდენს

4 თებერვალი, 2014 •
სერგეენკო: ჩვენთან ადამიანების 60% კიბოს დიაგნოსტიკას მესამე, მეოთხე სტადიაზე ახდენს

სერგეენკო აღნიშნულ საკითხს კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამოეხმაურა, რომელიც დღეს, 4 თებერვალს აღინიშნება. კიბოს კონტროლის საერთაშორისო გაერთიანების ინიციატივით ამ დღეს მსოფლიოს უამრავი ქვეყანა 1993 წლიდან აღნიშნავს.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობა მხოლოდ 5%–ია, რაც ბევრად ჩამოუვარდება გულ–სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის რიცხვს, ამ დაავადებას მოსახლეობა მაინც ფატალურად აღიქვამს:

“ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი დაავადება ბევრად მარტივია სამკურნალოდ, ბევრად ნაკლებ დანახარჯებს მოიცავს და, რაც მთავარია, პაციენტის გაჯანსაღების შეუდარებლად მეტი შანსია. საქართველოში, სამწუხაროდ, დაავადების დიაგნოსტიკა 60%–ის შემთხვევაში ხდება მესამე, მეოთხე სტადიაზე, როდესაც ფაქტიურად ძალიან რთულია ამ დაავადებასთან ბრძოლა”, – აცხადებს დავით სერგეენკო.

სტატისტიკის თანახმად, 2012 წელს მესამე და მეოთხე სტადიაზე გამოვლენილი კიბოს წილმა 65% შეადგინა.

 

კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, 2011 წლიდან საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგ-პროგრამები  მთელი ქვეყნის მასშტაბით:

 

ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის;
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისთვის;
პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის კაცებისთვის;
კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის მოსახლეობისთვის.

“მოვუწოდებ ყველა მოქალაქეს, გაეცნონ ამ პროგრამის მოცულობას, ოჯახის ექიმებს კიდევ ერთხელ დავეხმარებით, რომ განუმარტონ ადამიანებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მარტივი, უმარტივესი პროცედურების ჩატარება, რომ დროზე მოხდეს დიაგნოსტირება და მარტივად მოგვარდეს მკურნალობა”, – აცხადებს მინისტრი.

კიბოს მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დღეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი და პროექტი USAID Sustain სასტუმროში Holiday Inn  ერთობლივად გამართავენ კიბოს მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციას, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით – “დავამსხვრიოთ მითები”.

 


USAID Sustain, რომელსაც ახორციელებს John Snow Inc, ტექნიკურ დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას, კერძოდ კი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  გააუმჯობესოს რეპროდუქციული ასაკის ქალთა სიკვდილიანობის ორი მთავარი მიზეზის, ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის  სერვისები და აამაღლოს მოსახლეობის ცნობიერება ამ დაავადებების შესახებ.

 

პროექტის ფარგლებში გადამზადდა 1000-ზე მეტი პირველადი ჯანდაცვის ექიმი და 500-მდე მეანგინეკოლოგი ოჯახის დაგეგმვის, აბორტის შემდგომი მოვლის, ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს საკითხებზე. ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და შენარჩუნების მიხნით, USAID Sustain ასევე ამუშავებს პერინატალური აკრედიტაციისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერტიფიცირების პროგრამებს საქართველოში დასანერგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი