ახალი ამბები

მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი ცნობილია

6 ივლისი, 2018 • 4020
მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი ცნობილია

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მიხეილ სარჯველაძემ საპროკურორო საბჭოს წარუდგინა მთავარი პროკურორობის კანდიდატები.

4 ივლისს ამოიწურა ვადა, როცა კანონით განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ კანდიდატების წარდგენა. გამოვლენილი 18 კანდიდატიდან შერჩეული და საპროკურორო საბჭოსათვის წარდგენილი კანდიდატების სია ასეთია: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე.

აღსანიშნავია, რომ პროკურორთა კორპუსიდან სამი მოქმედი პროკურორი იქნა წარმოდგენილი – თამარ კერესელიძე, ირაკლი ნადარეიშვილი და ლევან ძნელაძე.

სხვადასხვა მოსაზრებიდან, მათ შორის პროკურატურის სამომავლო პერსპექტივის ინტერესებიდან გამომდინარე, დღეს არჩევანი მოქმედ პროკურორებზე არ შეჩერდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატები კანონის მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა.

“კანონის თანახმად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს”.

წარდგენილი სიის ერთი მესამედი, ასევე, კანონის მოთხოვნის თანახმად, ქალია. იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი საპროკურორო საბჭოს სხდომაზე. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა თანხმობას განაცხადებს იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

მასალების გადაბეჭდვის წესი