ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

წერილი თბილისიდან სოხუმში

3 ივლისი, 2018 • 15322
წერილი თბილისიდან სოხუმში

წერილი თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალში „ანაკლია“ – #6, 2018

„წერილები სოხუმიდან“ არის ჟურნალ „ანაკლიის“ სპეციალური პროექტი.  პროექტი აერთიანებს წერილებს, რომლებსაც პირობით საზღვარს მიღმა დარჩენილები, სხვა მხარეს მცხოვრებ მეგობრებს სწერენ.


წერილი სოხუმში

საიდან: თბილისი

სად: სოხუმი

ვისგან: ქეთი ზაქარაია

ვის: ვადიკა

 

გამარჯობა, ვადიკა!

 

რამდენი ხანია, შენთან მინდა დალაპარაკება და გზებს ვეძებ, ხმა რომ მოგაწვდინო. ჩვენი ამბები მინდა გითხრა და შენი გავიგო. ჩემი „ბიჭვინთური“ ცხოვრების ყველაზე ნათელი მოგონება ხარ და მუდამ ასე იქნები.

ბიჭვინთა ხომ იცი, როგორ მიყვარდა, ჩვენი კოხტა და პატარა ბიჭვინთა, ჩემი სკოლა, მოსწავლეები, ჩემი ქუჩა და ცნობილი „წითელი“ სახლი აგრბას ქუჩაზე. იცი? ჩემი ბინის გასაღები ახლაც შენახული მაქვს. როგორ მიყვარდა ჩემი მეზობლები და მეგობრები. ახალგაზრდები ვიყავით, ცხოვრება გვიხაროდა, ვინ არჩევდა, ვადიკ, ვინ აფხაზი იყო და ვინ ქართველი. ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, მეგობრები ვიყავით.

ერთ რამეში უნდა გამოვტყდე. იცი, ბევრი მეგობარი მყავდა, ახლოს ვიყავი მათთან, მაგრამ ზოგის სახელი არ მახსოვს, ზოგის – გვარი. ომის მერე დამემართა ასე. ერთხელ ბიჭვინთელი კარის მეზობელი ვახსენეთ და მე და პაატამ ვერც სახელი აღვიდგინეთ და ვერც გვარი. წარმოგიდგენია? ადამიანის, რომელიც ოჯახის წევრივით იყო, ამდენი წელი ყოველდღე ვხედავდით და ვკონტაქტობდით. ამით ომმა „დამაჯილდოვა“ და ვერაფერს ვუხერხებ.

იმდენი რამე მახსენდება თბილად, გულში სითბო რომ მეღვრება, ისე. განათლების განყოფილება პედაგოგებს ხშირად გვიწყობდა ექსკურსიებს და ერთკვირიან მოგზაურობებს. ერთხელაც გაგრის ზონის პედაგოგები სარვამარტოდ რიგაში, იურმალაში წაგვიყვანეს ერთკვირიანი ტურით. ის ერთი კვირა ცხოვრებაში არ დამავიწყდება. არც ის გოგოები, იქ რომ დამიმეგობრდნენ.

ინგა და მარინა აფხაზური სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლები იყვნენ, გულისხმიერები, ლაღები. შვიდ წელიწადს ხომ შვილი არ გვყავდა მე და პაატას. ხომ იცი, როგორ განვიცდიდი. თბილისში დავდიოდი სამკურნალოდ და შედეგი არ ჩანდა. გოგოებს გავუზიარე მაშინ ჩემი ტკივილი. ისე ახლოს მიიტანეს გულთან. სპეციალურად ჩემთვის წავიდნენ ბზიფში, იქ ერთი სახალხო მკურნალი ქალი ცხოვრობდა, საოცრებებს ჰყვებოდნენ იმ ქალზე. ჰოდა, იმისი წამალი ჩამომიტანეს გოგოებმა, შენც გიშველისო. თბილისშიც ვიყავი სამკურნალოდ და ნამკურნალევზე ის წამალიც დავლიე. შვიდი წლის მერე ნატვრა ამისრულდა, ვადიკ. გოგოებმა რომ გაიგეს, მგონი, ჩემზე უფრო გამოხატეს სიხარული. ამას რა დამავიწყებს. არ ვიცი, იმ წამალმა იმოქმედა თუ ექიმების მკურნალობამ გაჭრა, მაგრამ მათი გულწრფელი მონდომება და ჩემი გასაჭირის თანაზიარობა არასდროს დამავიწყდება. მარტო გაგრის სადგურში გადაღებული სურათი შემომრჩა ინგასთან და მარინასთან ერთად და თბილზე თბილი მოგონებები მათზე. არაფერი ვიცი მათ შესახებ.

თბილისში პერიოდულად ჩამოვდიოდი ექიმთან კონსულტაციაზე. სიტუაცია უკვე დაძაბული იყო ბიჭვინთაში. ზაფხული იყო და ექიმმა მითხრა, ამ სიცხეში აქ რა გინდა, ისეთ სამოთხეში ცხოვრობ, წადი ბიჭვინთაში და სექტემბრისთვის ერთხელ კიდევ ჩამოდიო. წამოვედით მე და პაატა. ჩემი მეგობარი ნანა 11 თვის ბავშვთან და მეუღლესთან ერთად ჩვენთან ერთად წამოვიდა. ყოველ წელს ზაფხულში გვსტუმრობდა ნანა, გიჟდებოდა, ისე უყვარდა ბიჭვინთა.

13 აგვისტოს წამოვედით აქედან და საღამოს ჩამოვედით მატარებლით. სახლის კარი  რომ გავაღე, ჭურჭლის თარო დამხვდა ჩამოვარდნილი და მთელი ჭურჭელი დამსხვრეული. ბებიისგან გამეგო  – ერთი და ორი თეფშის თუ ჭიქის გატეხვა ბედნიერების ნიშანია, ბევრის დამსხვრევა კი – ცუდისო. ცრურწმენაა, მაგრამ ხასიათი გამიფუჭდა. დილით ქუჩაში ამტყდარმა ფუსფუსმა და ხმებმა გაგვაღვიძა. ხალხი დარბოდა აქეთ-იქით. ომი დაიწყოო. ეს მოკლესო, ის დაჭრესო. ცუდ ხუმრობას ჰგავდა. ვერ ვიჯერებდით. სოხუმში ტანკები შევიდაო. თქვენ როგორ ჩამოხვედითო. ბიჭვინთა იმ დღესვე ჩაკეტეს. მეზობელმა გამაფრთხილა, თბილისელი სტუმრები გყავს და ფრთხილად იყავიო. სიზმარი მეგონა, ვადიკ, ირგვლივ რაც ხდებოდა. გაღვიძება მინდოდა.

სოხუმი; 2017; ფოტო: ნეტგაზეთი/მარიანა კოტოვა

ნანა მეუღლესთან და ბავშვთან ერთად სანაპიროზე იყო კაფეში. ორი მილიციელი მივიდა და უთხრა, ერთ საათში ნავსადგურზე გემი შემოვა, ახლავე გაემზადეთ და საწრაფოდ დატოვეთ აქაურობაო. ბავშვიანი რომ იყო, შეეცოდათ. მთავარი იყო, სტუმრები გაგვეშვა სახლში. პაატაც და სტუმრებიც მეხვეწნენ, მეც წავსულიყავი, მაგრამ, სასტიკად ვიუარე, მე ვინ რას მეტყვის, სახლში ვარ, ვინ შეგვეხება, ყველას ვიცნობ-მეთქი. თან მჯეროდა, ყველაფერი მალე ჩაწყნარდებოდა. 24 აგვისტო იყო. ბათუმელი დეპუტატის ოჯახი ისვენებდა ბიჭვინთაში და იმან გამოუშვა გემი თავისების წასაყვანად. იმ წელს განსაკუთრებით ბევრი თბილისელი, უამრავი სტუდენტი იყო დასასვენებლად ჩამოსული. გემს ხალხი მიაწყდა. იყო კივილი, თოკებით აძრომა… ყველა ვერ ავიდა გემზე. ბათუმში უნდა ჩასულიყო, მაგრამ ფოთში ჩავიდა და მერე უკან მობრუნდა დარჩენილების წასაყვანად. ის მეორე რეისი, საუბედუროდ, გუდაუთაში აღმოჩნდა.

მადლობა ღმერთს, ნანამ მშვიდობით გააღწია სამშვიდობოს.

ცოტა ხანში სიტუაცია შეიცვალა. გაგრაში ქართული ძალები შევიდნენ. ჩვენი აფხაზი მეგობრები და მეზობლები მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ, ქართველები თუ შემოვლენ, ხომ გადაგვარჩენთ, ხომ მოგვეხმარებითო. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი. ვაწყნარებდით, ცუდი არაფერი იქნება, თქვენ გვერდით ვართ, ნუ ნერვიულობთო.

ამასობაში, ავადხარადან კორიდორი გაკეთდა, უამრავი ჩეჩენი შემოვიდა და დაბანაკდა ბიჭვინთაში. ბრძანება გაიცა, არცერთი ქართველი არ გაეშვათ.

ჩემი აფხაზი მეზობელი იმ საბჭოს თავმჯდომარე იყო, რომელიც იქიდან გამოსასვლელ საშვებს გასცემდა. გადასარევი ურთიერთობა გვქონდა, მისვლა-მოსვლა. პაატამ მითხრა, უარს არ გეტყვის, გადადი სახლში და საშვი სთხოვეო. მეც თამამად მივადექი. მიმესვლებოდა. კარი კი გამიღეს, მაგრამ სახლში აღარ მიმიწვიეს. საშვზე ვთხოვე დახმარება. შენი შევარდნაძე მოგეხმაროსო და კარი ცხვირწინ მომიხურეს. სახლში გაოგნებული, გულნატკენი და შეშინებული დავბრუნდი. მერე დაიწყო და დაიწყო. ჩვენი ფანჯრიდან იმდენი საშინელების მნახველი გავხდით… ხან რომელი სახლიდან ისმოდა კივილი, ხან რომლიდან. დასახმარებლადაც რომ ვერ გახვიდოდი, ეგ იყო ყველაზე მწარე. ხან ვის ვმალავდით და ხან ვის. ბავშვებს ვმალავდით. შენთან დამალულს თუ იპოვიდნენ, ეს დასასრულს ნიშნავდა.

მერე საბჭოში დამიბარეს. მეშინოდა სახლიდან გასვლა, მაგრამ გავბედე და გავედი. პაატა ბიჭვინთიდან წამოსვლას არ აპირებდა. ბავშვები არიან აქ, ვერსად გაჰყავთ და მე სად წამოვიდეო, ოღონდ შენ გააღწიე აქედანო. მივედი მუხლების კანკალით. მითხრეს, რომ გაგრაში მოკლულ აფხაზებში გავცვლიდნენ მე და ჩემს ქმარს. საშვიც მომცეს ლაკერბაიას ხელმოწერით. შენახული მაქვს. გაცვლა ხვალ მოხდება და მოემზადეთო. მაგრამ… გაგრას შეუტიეს იმ ღამეს და დაბომბეს. ავტობუსი, რომელსაც დილით უნდა წავეყვანეთ, აღარ მოვიდა. დაბომბვამ გეგმები შეცვალა. გადაირია  მაშინ პაატა. მე დიდი მუცლით ვარ ომის ქარცეცხლში და საშველი არ ჩანს. ის ავტობუსი რომ მოსულიყო და წამოვეყვანეთ, ბრძოლის წინა ხაზზე მოვხვდებოდით, ვერ გადავრჩებოდით. გარშემო საშინელება ხდებოდა. გაითიშა სინათლე, ტელევიზია, ტელეფონები. აღარ იყო საკვები. ასე, საშვით ხელში დავრჩით გამომწყვდეულები. ვისხედით და ველოდით, კარზე როდის მოგვიკაკუნებდნენ, ჩვენი ჯერი როდის დადგებოდა. კარის მეზობლის ბინაში მეომარი ჩეჩნების ჯგუფი ჩასახლდა. შიში გამიათკეცდა. დანით ხელში ვიჯექი და პაატას ვეუბნებოდი, თუ მოვლენ, სანამ შეურაცხყოფას მომაყენებენ ან დაგვხოცავენ, მე თვითონ მოვიკლავ თავს-მეთქი. თან მუცელი ცხვირთან მაქვს, მერვე თვეში ვარ. ვწყევლი ბედს, რაღა ახლა ველოდები ამ ნანატრ შვილს-მეთქი. მართლა დააკაკუნეს კარზე. სხვა გზა არ გვაქვს, უნდა გავაღოთ.

გავაღეთ და… ზღურბლზე შენ იდექი ვადიკ, შენ. თქვენ მართლა აქ ხართო, გაოგნებული გვეკითხებოდი. ვიღაც ნაცნობი ახსენე, იმან მითხრა, მგონი, პაატა და ქეთი აქ არიანო. არ ვუჯერებდიო, თქვენ ხომ თბილისში წახვედით ექიმთანო. ბოლთას სცემდი ოთახში, მერე უცებ გავარდი. ცოტა ხანში ტომარამოკიდებული დაბრუნდი. საჭმელი აღარ იყო, პური აღარ ცხვებოდა. მშივრები ვისხედით. ტომარაში შაქარი აღმოჩნდა. სიჩქარეში ვერ გაარჩიე, რა მოგქონდა. ისევ გავარდი და ახლა ფქვილით სავსე ტომარა მოიტანე. მთელი კვირის განმავლობაში დღეში რამდენჯერმე გვაკითხავდი, ვადიკ. საჭმელი მოგვიზიდე, ხან რა მოგქონდა, ხან რა. თან გვამშვიდებდი, რამეს მოვიფიქრებო. ერთ დღესაც აქოშინებული მოვარდი. 15 წუთში უნდა გახვიდეთო. სურათებს ვტაცე ხელი. პაატამ სასტიკი უარი თქვა წამოსვლაზე. ქეთი გავუშვათ, მე დავრჩებიო. ეს თბილისელი პაატა ბიჭვინთაში მუშაობდა, ჩაწერილიც თბილისში იყო, მაგრამ წამოსვლის ხსენებაც არ უნდოდა. შენ ძლივს დაარწმუნე, ვადიკ. ამხელა მუცლით ქეთი მარტო როგორ უნდა გავუშვათ, იქნებ გზაში რა დასჭირდეს, ან მშობიარობა დაეწყოს, ვის უნდა ჩავაბაროთ, ვინ მიხედავსო?! ძლივს დაიყოლიე. 15 წუთში პირდაპირი მნიშვნელობით ჩაგვყარე შენს მანქანაში, სანამ შევძლებ, თქვენს სახლს დავიცავ, არ ინერვიულოთო, გვითხარი და ნავსადგურთან მიგვაგელვე. წითელი ჯვრის გემი იყო ჩამომდგარი. იქ ყველას იცნობდი და საშვები წამში აგვიღე. გემი სოჭში მიდიოდა. ეს გამოღწევას ნიშნავდა. მახსოვს, პაატა გვერდზე გაიყვანე და 1500 მანეთი ჩაუდე. გზაში დაგჭირდებათო. მეტი არ მაქვს, არაფერი მუშაობს, ფული ვერ გამოვიტანეო, ბოდიშობდი კიდეც.

გემში რომ ვსხდებოდით, გარშემო უამრავი სამხედრო იყო, ავტომატებით შეიარაღებულები. ბევრი ამსვლელი უკან გააბრუნეს, ზოგს დაარტყეს, ზოგს იარაღი მიუშვირეს. შენ ბოლომდე მიგვაცილე. მერე ის შეიარაღებული აფხაზები მოაბრუნე და ხმამაღლა უთხარი, – შეხედეთ და ამ კაცის სახე დაიმახსოვრეთ, ამათ აქ მოსვლის უფლება ყოველთვის ექნებათო. ეს იარაღიანი კაცები აიძულე, პაატა გადაეკოცნათ და დამშვიდობებოდნენ. გაოგნებულები დავრჩით. ეს ყველაფერი მალე მორჩება და ისევ აქ შევხვდებითო, ასე დაგვემშვიდობე. პაატას კი დააბარე, თბილისში რომ ჩახვალთ, სამინისტროში ესა და ეს გამიგეო. სამსახურის ამბებს ავალებდი. გემზე ავედით. უამრავი ხალხი იყო. დასადგომი ადგილი ჭირდა.

იმ გემზე გამოვიტირე ჩემი წილი ბიჭვინთა და აფხაზეთი, ვადიკ, ყველა შიში და ტკივილი. მას მერე თითქოს ცრემლი გამომელია.  

თბილისში ჩამოვაღწიეთ. იმ ღამეს ტელეფონმა დარეკა. შენ იყავი. როგორ ჩახვედითო. ძალიან ვინერვიულეო. ქეთი ხომ კარგად არისო. მეც დამელაპარაკე და დარწმუნდი, რომ ყველაფერი რიგზე გვქონდა.

რამდენიმე კვირის მერე კიდევ დარეკე, ვინ გაჩნდაო. ჯერ არ იყო დაბადებული ჩვენი შვილი. პაატას სამსახურის საქმეებზე ელაპარაკე, შენს თბილისელ ძმაკაცებთან დაკავშირება სთხოვე.

ვადიკა, ჩემო კარგო, ჩემო მონატრებულო, ჩვენო გადამრჩენელო. წერილს გწერ და არ ვიცი, ნახავ თუ არა. მინდა, რომ ნახო. ძალიან გვენატრები. ხშირად გახსენებთ. გვახსოვხარ. სულ გეძებდით, შენი ამბავი გვაინტერესებდა. გვითხრეს, იძულებული გახდა, იარაღი აეღოო. ტყუილი აღმოჩნდა. მერე გავიგეთ, ომში დაიღუპაო. გული მოგვიკვდა. ბოლოს გვითხრეს, ცოცხალია, კარგადაა და ისევ თავის საქმეს აკეთებსო. გავიხარეთ ამ ამბით. ვინც შენი ამბავი გაგვაგებინა, ძალიან გაქო. ისევ ისეთი კარგი ადამიანია, სიკეთის მკეთებელიო, ისევ ისეთად დარჩაო. ცას ვეწიეთ სიხარულით. შემოგევლე. სხვისგან შენი ქება გაგვიხარდა ძალიან.

მე და პაატა ხომ შენი წყალობით ვართ ცოცხლები. ისიც ვერ გაგაგებინეთ, რომ გოგო გვეყოლა. ანა დავარქვით. კარგი შვილია, ვადიკ, ძალიან კარგი. მხატვარია. ყველა დაჩაგრულის გვერდით ცდილობს ყოფნას. უბნის ყველა უპატრონო ძაღლის თუ კატის მეგობარი და პატრონია. უკვე თვითონაც დედაა. პატარა თუთა გვყავს, ლამაზი და საყვარელი გოგოა. რამდენიმე თვის წინ თუთას ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინეს. ერთი სიკვდილი გავათავეთ. ჰოდა, ჩემს გოგოს და თუთას მამას მეგობრები ამოუდგნენ მხარში, ვადიკ. ფეისბუკმა უამრავი კეთილი ადამიანი გააერთიანა და ერთ მუშტად შეკრა. რამდენიმე დღეში წარმოუდგენელი რამ მოხდა. თეატრები, კაფეები, ცნობილი ადამიანები, ნაცნობები და უცნობები გაერთიანდნენ და თუთას გერმანიაში სამკურნალოდ წასაყვანი თანხა შეაგროვეს. დიდი თანხა. მკურნალობის მეორე კურსი წარმატებით მიმდინარეობს. გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ კარგი შედეგები აქვთ და თუთა გამოჯანმრთელდება.

აი, მე კი სულ ვფიქრობ, როგორი წყალობაა, გასაჭირში შენნაირი და თუთას დასახმარებლად ერთ მუშტად შეკრული ადამიანები რომ გვევლინებიან, უანგაროდ რომ გვიდგებიან გვერდით და ერთი შეხედვით შეუძლებელს აკეთებენ ჩვენთვის.

ამის თქმა მინდოდა შენთვის. ჰო, კიდევ, პაატა ისევ კავშირგაბმულობის სისტემაში მუშაობს. ხომ იცი, როგორი უთქმელია პაატა, ლაპარაკი არ უყვარს. შენ როცა გახსენებს, გულზე დაიდებს ხოლმე ხელს. ძმასავით უყვარხარ, ვადიკ. პაატა, ანა და თუთა რომ მყავს, ეგ შენი დამსახურებაა. მეც რომ ვარ, რა თქმა უნდა, ესეც. სანამ ცოცხლები ვართ, ჩვენიანი იქნები. შენს სიკეთეს ვერც დავივიწყებთ და ვერც გადავიხდით. სიტყვებით როგორ გითხრა, რა მადლიერი ვარ შენი. მაშინ წესიერად მადლობაც ვერ გითხარი. გადაგვარჩინე, თანაც როგორ. კი არ გამოგვაპარე, თავაწეულები ღირსეულად გამოგვიშვი, გაცილება მოგვიწყვე. ასე მხოლოდ შენნაირ ადამიანებს შეუძლიათ სხვის ღირსებაზე იზრუნონ.

ისიც გავიგე, რამდენი ადამიანი გამოიხსენი იმ უმძიმეს დღეებში. შენი დიდი გულის ამბავი რომ ვიცი, არ გამკვირვებია.

ძალიან გვინდა შენი ნახვა. ვნატრობ, დადგეს დღე, ჩვენთან ჩამოხვიდე. ყველა სიკეთეს გისურვებ, რაც ადამიანმა შეიძლება ინატროს.

გვიყვარხარ და გვენატრები.

 


ქეთი ზაქარაია

ინტერვიუ ჩაიწერა და ტექსტი მოამზადა მაია რაზმაძემ


ასევე წაიკითხეთ წერილი სოხუმიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი