ახალი ამბები

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი არ მივიდა

3 ივლისი, 2018 • 2068
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელი არ მივიდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იოსებ სიგუა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივიდა. როგორც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე ამბობს, სიგუა დეპუტატების ზარებს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობს და არც მათ მოკლე ტექსტურ შეტყობიბებს სცემს პასუხს.

კაპანაძის თქმით, სიგუას არ ჩაუყენებია საქმის კურსში კომისია, რატომ არ მივიდა კომისიის სხდომაზე, რითაც დეტექტივების სამმართველოს უფროსმა კომისიისადმი უპატივცემულობა გამოხატა:

“ჩვენ ვერ ვხედავთ ბატონ იოსებ სიგუას. ჩვენ მთელი დღის გნამავლობაში ვცდილობთ მასთან დაკავშირებას, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს, არც ჩვენ მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს პასუხობს. ჩვენ მისგან არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია, რატომ არ ბრძანდება აქ. ეს არის უპატივცემულობა კომისიის მიმართ და კანონის დარღვევა არის პირდაპირ. ჩვენ ვიმსჯელებთ, თუ რას ნიშნავს ეს. ეს არ არის ნინიას ბაღი და სკოლა, რომ ვისაც როცა უნდა, მაშინ არ მოვიდეს, საშინაო დავალება არ მოიტანოს” – ამბობს კაპანაძე.

კომისიის თავმჯდომარის საპასუხოდ, შსს-ს  თბილისის პოლიციის დეპრარტამენტის უფროსმა, შალვა ბედოიძემ განაცხადა, რომ სიგუას დღეს დილას ესაუბრა და მისი ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურა აქვს, რის გამოც კომისიის სხდომაზე მოსვლა ვერ შეძლო:

“ბატონ იოსებს აქვს მაღალი ტემპერატურა. მისი განცხადებით, მას გუშინაც ჰქოდნა მაღალი ტემპერატურა, მაგრამ მაინც მოახერხა მოსვლა და ამ ეტაპზე ვერ შეძლო. გამოჯანმრთელების შემთხვევაში მობრძანდება” – ამბობს ბედოიძე.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-8 სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატები შსს-ს  თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროს შალვა ბედოიძეს და შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს  I განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს ირაკლი ფიფიას უსმენენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი