ახალი ამბები

უსუფაშვილი GPB-ის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებს ხვდება

29 იანვარი, 2014 •
უსუფაშვილი GPB-ის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საკონკურსო კომისიის წევრებს ხვდება

კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ია ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის სურვილი პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა:

 

“ალბათ შევაფასებთ ჩვენი კომისიის მუშაობას და შესაძლოა სამომავლო გეგმებზეც გვითხრას, ზოგადად, რას აპირებენ. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კომისიაც იმავე პრინციპებით მუშაობდეს, რა პრინციპებითაც ჩვენ ვიმუშავეთ. პირველ რიგში გამჭვირვალობას ვგულისხმობ”, – განაცხადა ია ანთაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

 

მისივე თქმით, ჯერ უცნობია, თუ რა სტანდარტით იხელმძღვანელებს ახალი კომისია იმისათვის, რომ შეარჩიოს მეურვეობის კანდიდატების მოკლე სია. ია ანთაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე თავადაც აღიარებს მის პასუხისმგებლობას იმ პროცესებზე, რაც პარლამენტში განვითარდა მაუწყებლოს ბორდის წევრების დამტკიცების კუთხით.

 

“ვხედავ ამ საკითხებში მის პასუხისმგებლობასაც, რასაც თვითონაც აღიარებს. ახლა ისე გამოდის, რომ მას უნდოდა ნამდვილად, რომ გამოსულიყო უკეთესად, მაგრამ მართლა გამოვიდა როგორც ყოველთვის და შეიძლება უარესადაც, იმიტომ, რომ მოლოდინი იყო დიდი,” – განაცხადა ია ანთაძემ.

 

“ვფიქრობ, ორივე მხარეს ერთმანეთისთვის ბევრი გვაქვს სათქმელი და ეს სათქმელი ალბათ ითქმება ამ შეხვედრაზე,” – განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე კომისიის კიდევ ერთმა წევრმა ნათია კუპრაშვილმა. მისი თქმით, ახალი კომისიის შემთხვევაში იგივე შემადგენლობა აღარ უნდა იყოს:

 

“პარლამენტმა ჩვენ მიერ შერჩეული ძალიან კარგი სიიდან არ გააკეთა არჩევანი. როდემდე უნდა ვამყოფოთ ჩიხურ მდგომარეობაში? ჯობია ჯერ ვაცადოთ, იმუშაონ თავად. ძალიან მნიშვნელოვანია ბორდი დაკომპლექტდეს, თუნდაც იმიტომ, რომ სარეზერვო ფონდებიდან არ იხარჯებოდეს თანხა მაუწყებლის ფუნქციონირებისთვის”

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის მსურველთაგან 27 პირი შეარჩია საკონკურსო კომისიამ, რომელიც 9 წევრით იყო დაკომპლექტებული. სწორედ ამ 27 პირიდან უნდა შეერჩიათ კანონით განსაზღვრულ სუბიექტებს (საპარლამენტო უმრავლესობას, უმრავლესობის მიღმა დარჩენილ ფრაქციებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს და სახალხო დამცველს) მათთვის სასურველი კანდიდატები, ჯამში, 9 პირი.

 

საბოლოო ჯამში, კანონის შესაბამისად, 2 კანდიდატი წარადგინა სახალხო დამცველმა და ისინი პარლამენტმაც დაამტკიცა. საკანონმდებლო ორგანოში მხარი არ დაუჭირეს აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეულ ერთ კანდიდატს.

 

საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ერთი კანდიდატი წარადგინა, რომელიც ასევე იქნა არჩეული. თავდაპირველად, ასევე, ერთი კანდიდატი წარადგინა უმცირესობამ, რომელმაც უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ხოლო კიდევ ერთი კანდიდატი, რომლის წარდგენა სურდა უმცირესობას, კენჭისყრის მიღმა დარჩა, რადგან უმრავლესობის განმარტებით, მისი წარდგენა კანონდარღვევით მოხდა.

 

საბოლოო ჯამში, პარლამენტმა მხოლოდ 4 მეურვე დაამტკიცა. დანარჩენი ხუთი მეურვის შესარჩევად თავიდან გამოცხადდება კონკურსი და ასევე თავიდან მოხდება საკონკურსო კომისიის დაკომპლექტება.

მასალების გადაბეჭდვის წესი