ვანო მერაბიშვილის დამცველმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ოთხი მოწმე დაიკითხება, რომელთა შორის მსახიობი და პარლამენტარი, ქართული ოცნების წევრის ზაზა პაპუაშვილი, პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე და პარლამენტარი, ქართული ოცნების წევრი სოსო ჯაჭვლიანი არიან.
“დაიკითხება პროკურატურის 4 მოწმე, ბატონი მერაბიშვილის პოლიტიკური ოპონენტები, როგორც ჩანს, მათ ასე სურთ შექმნან სურათი, რომეილიც დღემდე არ აქვთ”,- განაცხადა ჩივიაშვილმა.
ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს პროკურატურა ბრალად სდებს 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის არა დაშლას, არამედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებზე ფართომასშტაბიან და განურჩეველ თავდასხმას, რომლის გამოკვეთილი მიზანი იყო მათი მასობრივი დაკავება, დაშინება, დასჯა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზემოქმედების განხორციელება.
მერაბიშვილი ცნობილ იქნა ბრალდებულად დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, რაც 5–დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნული საქმის გარდა მერაბიშვილს კიდევ სამ ეპიზოდზე აქვს ბრალი წაყენებული – დასაქმების სახელმწიფო პროგრამის საქმეზე, აგარაკის და სანდრო გირგვლიანი მკვლელობის საქმეებზე.