ახალი ამბები

მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა – ბახტაძე

27 ივნისი, 2018 • 2032
მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება დროულად დასრულდეს ანაკლიის პორტის მშენებლობა – ბახტაძე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 27 ივნისს, სამეგრელოში, მოსახლეობასთან შეხვედრისას ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა. პრემიერის თქმით, ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს დაეხმარება, რომ სატრანსპორტო პოტენციალი უკეთ გამოიყენოს.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.  საქართველოში საციცოცხლოდ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი, რათა ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი უკეთესად ავითვისოთ.  ფოთის და ანაკლიის პორტები ერთად უზრუნველყოფს იმას, რომ  გვქონდეს უნიკალური სამრეწველო პოტენციალი. სამეგრელოში სამრეწველო პოტენციალი გახდება გარანტი იმის, რომ ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო  კონკურენტუნარიანი გახდეს,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართული მედიის ნაწილი ბოლო პერიოდის განმავლობაში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ანაკლიის პორტის ნაწილი ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაპირისპირების საგანი იყო. ამ ინფორმაციის მიხედვით, ივანიშვილს კვირიკაშვილთან კრიტიკული კითხვები ჰქონდა პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ანაკლის განვითარების კონსორციუმის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პირველი ფაზის სახმელეთო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2017 წლის 22 დეკემბერს დაიწყო.  ნავსადგურის მშენებლობის პირველი ფაზის დასრულება და პორტის ოპერირების დაწყება 2020 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ანაკლიის პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა ცხრა ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში, არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  – 7 მლნ ტონას, მეშვიდე წელს – 20 მლნ ტონაა და მეთორმეტე წელს- არანაკლებ 40 მლნ ტონისა).

მასალების გადაბეჭდვის წესი