ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ციხელაშვილი: დაშორიშორებული საზოგადოებების ერთმანეთთან შესარიგებლად ყველაფერს გავაკეთებთ

27 ივნისი, 2018 • 1765
ციხელაშვილი: დაშორიშორებული საზოგადოებების ერთმანეთთან შესარიგებლად ყველაფერს გავაკეთებთ

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ეს  სია არის სამართლის აღსრულების ხელშეწყობისა და მსგავსი დანაშაულებების პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტი.  ჩვენ ვერ და არ  შევურიგდებით უსამართლობას, დანაშაულს, კრიმინალს, ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, სიცოცხლის მოსპობას,  არაადამიანურ მოპყრობას, წამებას და   ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ,  მართმსაჯულება აღსრულდეს და  დავიცვათ მოსახლეობა ხელოვნური გამყოფი ხაზის როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. 

ამასთან,  ყველაფერს გავაკეთებთ ამ ხაზებით  დაშორიშორებილი  საზოგადოებების შერიგებისა   და მათი მშვიდობიანი, უსაფრთხო და განვითარებული მომავლისთვის. ეს ორი სხვადასხვა რამაა:  სამშვიდობო პოლიტიკა და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა”.

ციხელაშვილი ამბობს, რომ “უმჯობესი იქნება, ის  ფორმატები, რაც არსებობს, მათ შორის  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების  მექანიზმი  (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, სადაც ქართული მხარე აგრძელებს კონსტრუქციულ ჩართულობას,  გამოიყენებულ იქნას დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი  საკითხების არსებითად  განხილვისა  და პრობლემების რეალურად მოსაგვარებლად, რომ ადამიანებს შევუმსუბუქოთ ისედაც მძიმე ყოფა, როგორც ჰუმანიტარული, ისე უსაფრთხოების და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით.“ 

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანის შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას განცხადებით გუშინვე უპასუხა და საქართველოს ახალი პრემიერი არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

დღეს, 27 ივნისის, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში დანიშნული შეხვედრა ჩაიშალა. რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა დღევანდელი შეხვედრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო დატოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი