ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო გალში IPRM-ის შეხვედრა ჩაიშალა

27 ივნისი, 2018 • 1909
ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო გალში IPRM-ის შეხვედრა ჩაიშალა

დღეს, 27 ივნისის, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში დანიშნული შეხვედრა ჩაიშალა. რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა დღევანდელი შეხვედრა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის გამო დატოვეს, თუმცა ამ ეტაპზე ოფიციალური განმარტებები ჯერ არც ქართულ მხარეს გაუკეთებია.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებამ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანის შეყვანასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის დღევანდელ განცხადებას განცხადებით გუშინვე უპასუხა და საქართველოს ახალი პრემიერი არაკონსტრუქციულობაში დაადანაშაულა.

“საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის აგრესიულ ხასიათს აფხაზეთისა და მისი მოქალაქეების მიმართ და სერიოზულად უთხრის ძირს არსებულ მოლაპარაკებათა პროცესს. აფხაზური მხარე სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების დარეგულირების ერთადერთი საერთაშორისო ფორმატის შესაძლო განადგურებაზე მთელ პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს”, – ნათქვამია აფხაზეთის საგარეო უწყების გუშინდელ განცხადებაში.

21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია.

IPRM -ის შეხვედრები გალში 2012 წელს აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა და 2016 წლიდან განახლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი