ახალი ამბები

ოთხოზორია–ტატუნაშილის სიაში 33 ადამიანი შეიყვანეს

26 ივნისი, 2018 • 2433
ოთხოზორია–ტატუნაშილის სიაში 33 ადამიანი შეიყვანეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 26 ივნისს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 ადამიანია შეყვანილი, თუმცა მათი რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

“მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც ეხება ჩვენთვის მტკივნეულ და პრინციპულ საკითხს, შეიძლება ითქვას ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის ღირსების საკითხს. როგორც იცით, 21 მარტს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც არის მომზადებული მთავრობის დადგენილების პროექტი და განსაზღვრულია ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია. ამ სიაში შეყვანილი არიან ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებიც მხილებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ დაგეგმილ დანაშაულობებში, როგორიც არის მკვლელობა, გატაცება, წამება და ამ დანაშაულებების დაფარვა. სიაში ჯერჯერობით შეყვანილია 33 ადამიანი, რომლებიც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაულს სჩადიოდნენ. სია ამომწურავი არ არის, რადგან სამართალმდამცავი უწყებები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ გამოძიებას და ეს სია შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ამავ დროს მთავრობამ განსაზღვრა ყველა ის ღონისძიება, რომელიც უნდა გატარდეს ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიაში შემავალი პირების მიმართ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მიერ ყველა შესაძლო შეზღუდვის დაწესება და სამართლის აღსრულების ხელშეწყობა. ასევე განსაზღვრულია აღსრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რომლებმაც უნდა წარუდგინონ შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტს და მთავრობას. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ოთხოზორია–ტატუნაშვილის სიას ჰქონდეს საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერა და მის ამოქმედებას რეალური შედეგები მოჰყვეს. საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტატუნაშვილის საქმის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა გვქონდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


გიგა ოთხოზორია 19 მაისს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით, ბოლოს კი საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში და მისი ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმეკვირიანი შეყოვნების შემდეგ გადასცეს.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი