ახალი ამბები

ონოფრიშვილი: ლარის კურსი არის ის, რასაც დღეს ბაზარი განსაზღვრავს

23 იანვარი, 2014 • • 901
ონოფრიშვილი: ლარის კურსი არის ის, რასაც დღეს ბაზარი განსაზღვრავს

“ლარის კურსი მნიშვნელოვნად არსად არ გაიქცევა, არ გაუფასურდება. ეროვნული ბანკი აბსოლუტურად მობილიზებულია და ყველა ინსტრუმენტი გააჩნია, რომ თავისი მთავარი ფუნქცია, რაც არის ინფლაცია, არ იყოს მომავალ წელს 5-6 პროცენტზე მეტი, როგორც ეს დაგეგმილია ბიუჯეტის კანონით. გაცვლითი კურსი როცა უფასურდება, ის გავლენას ახდენს ინფლაციაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი ეროვნული ბანკისთვის არ არის, რომ რაღაც კურსი დააფიქსიროს. ბევრ ექსპერტს ეშლება ეს და სერიოზულ შეცდომაში შეჰყავს მოსახლეობა, როცა თვლიან, რომ ვიღაცას მცდელობა აქვს, გინდაც ეროვნულ ბანკს, გინდაც მთავრობას, რომ ეს კურსი მოაბრუნოს ისევ 1,67-ზე. ეს არის საბაზრო ეკონომიკა, სოციალისტური საბჭოთა ეკონომიკა აღარ მუშაობს საქართველოში, ყველგან ხდება, კურსი ხან გამყარება, ხან დასუსტება. მაგალითად, თურქეთში ბოლო 5-6 თვის მანძილზე ლირა მნიშვნელოვნად გაუფასურდა და გაქცევას როცა ეძახიან, სწორედ იმას ნიშნავს, რომ 20-25 პროცენტით ზაფხულის მერე მოხდა გაუფასურება და თურქული პროდუქცია გაიაფებულია ბაზარზე. ზოგადად, ეკონიმიკაში ჩვენ ვცდილობთ არა კურსის დაჭერას. მე ვფიქრობ, რომ 1,7-1,8 რადიუსში უნდა იმოძრაოს. მთავარია ინფლაცია არ იყოს. ბოლო წლებში ინფლაცია ნაკლებად იყო ჩვენს ქვეყანაში, თუმცა შარშანდელი და შარშანწინდელი ბიუჯეტიც იყო 5-6 პროცენტზე, მაგრამ იყო არა ინფლაცია, არამედ დეფლაცია, ეს ეკონომიკისთვის ძალიან ცუდია. “

 

ონოფრიშვილი მიიჩნევს, რომ კურსის გამყარებაზე ეროვნული ბანკის რეზერვების ხარჯვა ყოვლად არასწორი და დამანგრეველი იქნება:

 

“დღევანდელი პროცესი ეს უფრო ჯანმრთელი პროცესია, ვიდრე ვინმემ დაიწყოს ამ კურსის რაღაც კონკრეტულ ციფრთან დაფიქსირება, მერე ხარჯოს ეროვნული ვალუტის  რეზერვები – ეს იქნება ყოვლად არასწორი და დამანგრეველი პოლიტიკა. კურსი არის ის, რასაც დღეს ბაზარი განსაზღვრავს.


არავინ იცის, სად გაჩერდება კურსი, მაგრამ ბოლო თვეებში ის ფაქტორები, რაც კურსის გარკვეულწილად გაუფასურებას იწვევდა, პრინციპში უკვე მოხსნილია, ინერციული პროცესებია უკვე.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი