ახალი ამბები

არასამთავრობოები: თვითმმართველობის კანონპროექტი მერების ლეგიტიმაციის ხარისხს ზღუდავს

23 იანვარი, 2014 • • 1003
არასამთავრობოები: თვითმმართველობის კანონპროექტი მერების ლეგიტიმაციის ხარისხს ზღუდავს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ერთობლივი განცხადებით, პრობლემურია კანონპროექტის ის ნაწილი, რომელიც გამგებლებისა და მერებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს ეხება. 

 

ორგანიზაციების აზრით, ამ ნორმის შენარჩუნების შემთხვევაში კოდექსის კანონპროექტით შემოთავაზებული სიახლე მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით არჩევის შესახებ მნიშვნელობას დაკარგავს.  მათი აზრით, აღნიშნული ნორმა წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს ეწინააღმდეგება, რადგან იგი შესაძლოა გამოყენებული იყოს პოლიტიკური დაპირისპირებების დროს.

 

საუბარია კანონპროექტის 48-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20%-ს.

 

” ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების უფლება ეძლევა საკრებულოს, რის განსახორციელებლადაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, მაქსიმუმ 15-20 წევრი. აღნიშნული მექანიზმი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პოლიტიკური მოტივით, კერძოდ, საკრებულომ შეიძლება მოახდინოს უნდობლობის პროცესის ინიცირება იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და გამგებელს (მერს) შორის არსებობს პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება”,- აღნშნულია განცხადებაში. 

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკრებულოს შესაძლებლობა ეძლევა გამგებლის უფლებამოსილების ერთი ვადის განმავლობაში რამდენჯერმე გამოუცხადოს უნდობლობა. ორგანიზაციების აზრით, აღნიშნული გამოიწვევს გამგებელის (მერის) მეტ დამოკიდებულებას საკრებულოსა და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების კეთილგანწყობილებაზე, რათა ამ უკანასკნელმა ინიცირება არ გაუკეთოს მის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურას.

 

ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ნორმამ, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევნათან და მათ მიერ გამოხატულ ნებასთან, შესაძლებელია შექმნას არასტაბილური პოლიტიკური გარემო. ორგანიზაციები 2013 წლის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე მიანიშნებენ. 

 

“საკრებულოსთვის მსგავსი უფლების მინიჭების შედეგად მივიღებთ იმავე რეალობას, რაც დღეს მოქმედი კოდექსით არის დადგენილი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი საკრებულოს თანხმობით, რისი სამწუხარო მაგალითებიც მრავლად ვნახეთ 2013 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ასეთი დათქმა ამცირებს ამ თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის არსს და მნიშვნელობას”

 

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი კოდექსის პროექტიდან ამოიღონ. საქართველოს პარლამენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განიხილა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი