ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობა თეა წულუკიანისგან განმარტებებს მოითხოვს

22 იანვარი, 2014 • • 942
საპარლამენტო უმცირესობა თეა წულუკიანისგან განმარტებებს მოითხოვს

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ გიორგი ბადაშვილს არც არასამთავრობო სექტორი იცნობს და არც იურიდიულ წრეებში იციან მასზე რამე. გარდა ამისა, ვაშაძის თქმით, ბადაშვილს არ აქვს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება, შესაბამისად, ის იუსტიციის მინისტრისგან განმარტებებს მოითხოვს:


“ჩვენ და, ალბათ, საზოგადოებასაც აინტერესებს, რა კრიტერიუმებით იქნა შერჩეული გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე. მას არ იცნობს იურიდიული წრეები, მას არ იცნობს არასამთავრობო სექტორი, მას არ აქვს პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება. მთავარი პროკურორი არ არის რიგითი თანამდებობა, ეს ერთ-ერთი საკვანძო თანამდებობაა, და თეა წულუკიანისგან გვაინტერესებს, რით იხელმძღვანელა ბადაშვილის წარდგენისას, როგორ შეარჩია და რატომ გაუწია მას რეკომენდაცია, ან ვინც დანიშნა, მან რატომ დანიშნა ეს ადამიანი. მთავრობას და პირადად თეა წულუკიანს მოვუწოდებთ გააკეთოს განმარტება იმ კრიტერიუმებთან დაკავშირებით, იმ მექანიზმებთან დაკავშირებით, რითაც შეირჩა მთავარი პროკურორი, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.”

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე 21 იანვარს დანიშნა. 

 

პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.  2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურორატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად. 2013 წლის მაისიდან კი გიორგი ბადაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორის მოადგილე იყო. გიორგი ბადაშვილმა კარიერა დაიწყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში 2006 წლის ივლისიდან და 2013 წლის მაისამდე ეკავა სხვადასხვა თანამდებობა. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი