ახალი ამბები

უსუფაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

22 იანვარი, 2014 • • 1058
უსუფაშვილი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს

დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება და ოპოზიცია შეძლებს მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას:

 

“მინდა კიდევ ერთხელ ძალიან შეშფოთებით გამოვეხმაუროთ იმ მოვლენებს, რაც უკრაინაში გრძელდება. კიევში ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ვითარება უფრო გამწვავდა. ბოლო ინფორმაციით, არის მსხვერპლი და დაძაბულობა იზრდება ქუჩებში. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს ჩვენს საერთო შეშფოთებას. ჩვენ, პარლამენტმა, პარლამენტში არსებულმა ძალებმა არაერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. კიდევ ერთხელ ვისურვებ და გამოვთქვამ რწმენას, რომ პოლიტიკოსები, ქვეყნის ლიდერები, ხელისუფლება, ოპოზიცია შეძლებს უარესის თავიდან აცილებას და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას და ძალადობის ესკალაციის არდაწყებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინელი ხალხისთვის, ქართველი ხალხისთვის და მთლიანად რეგიონისთვის.”

 

წუხელ უკრაინის დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს მსხვერპლი მოჰყვა.  

 

უკრაინაში დღეიდან უკვე ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საპროტესტო აქციების გამართვისათვის გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ბერკუტმა ევრომაიდანზე აღმართული ბარიკადების დანგრევის პროცესი დილიდან დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი