ახალი ამბები

“ეროვნული პლატფორმა” პარლამენტს მთავარი პროკურორის არჩევის წესის შეცვლას თხოვს

21 ივნისი, 2018 • 1972
“ეროვნული პლატფორმა” პარლამენტს მთავარი პროკურორის არჩევის წესის შეცვლას თხოვს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები პარლამენტს სთხოვენ, რომ შეცვალონ საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი კომპლექტაციის წესი.

ლაშა ტუღუშის, ადამიანის უფლებათა ცენტრის, ნათია კუპრაშვილისა და ზვიად ქორიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს პარლამენტში 19 ივნისს დარეგისტრირდა.

კანონპროექტის ინიციატორების განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა და მათთან დაკავშირებულმა პროკურატურის საქმიანობამ საზოგადოებაში უსამართლობის განცდა და პროტესტი გაამძაფრა. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საჭიროა პროკურატურის სერიოზული რეფორმა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მთავარი პროკურორის გამართული წესით არჩევა:

“მოქმედი ცუდი სისტემით არჩეული მთავარი პროკურორი სათანადოდ ვერ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, ვერ გაამართლებს საზოგადოებაში არსებულ მოლოდინს და ვერ აღადგენს ინსტიტუტის მიმართ ნდობას.

აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ, რამდენიმე ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა საკანონმდებლო წინადადება „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც უკვე დარეგისტრირდა პარლამენტში.”

კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ მოქმედი სისტემა, კერძოდ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამწესების წესი, ხელისუფლებაში მყოფ მმართველ პარტიას შესაძლებლობას აძლევს, ერთპარტიულად, პოლიტიკური ოპოზიციისა და საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად გადაწყვიტოს მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხი.

“დღეს მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს პროკურატურის ეფექტურად მუშაობას. ამავდროულად, აღსანიშნავია საქართველოს კონსტიტუაციაში შეტანილი ცვლილებები, რომელიც წარმოადგენს პროკურატურის დეპოლიტიზაციის გზაზე წინ გადადგმულ ნაბიჯს. თუმცა, თუკი ახალი პროკურორი აირჩევა ძველი წესით ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე, ანუ მიმდინარე წელს ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე, კვლავ დავდგებით იმ პრობლემების წინაშე, რომელიც დღეს არსებობს,” – აცხადებენ პლატფორმის წევრი ორგანიზაციები.

კანონპროექტის ავტორების განაცხადებით, კანონპროექტის მიზანია, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა:

“ამისათვის აუცილებელია საპროკურორო საბჭოს სრული დეპოლიტიზება. მთავარი პროკურორის შერჩევა უნდა მოხდეს რეფორმირებული საპროკურორო საბჭოს მიერ. პოლიტიკური თანამდებობის პირები – პარლამენტის წევრები და იუსტიციის მინისტრი არ უნდა იყვნენ საპროკურორო საბჭოში. შესაბამისად, მინისტრი არ უნდა იყოს არც საპროკურორო საბჭოს წევრი და არც მისი თავმჯდომარე. ამავდროულად, მთავრობა არ უნდა მონაწილეობდეს მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში.

გარდა ამისა, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში უნდა შემცირდეს პროკურორების რაოდენობა, რომ მათ ვერ შეძლონ საბჭოს იმ გადაწყვეტილებათა ბლოკირება, რომლებიც ეხება მთავარი პროკურორის არჩევას ან მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.”

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ პროკურორის არჩევა უნდა მოხდეს საპროკურორო საბჭოს რეფორმირების შემდეგ, რაც შესაბამისობაში მოვა ახალ კონსტიტუციურ ნორმებთან და უზრუნველყოფს ახალი, 6-წლიანი ვადით მთავარი პროკურორის თანამდებობაზე გამართული წესით არჩევას.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს სთხოვენ, მაქსიმალურად სწრაფად განიხილოთ და მხარი დაუჭიროთ წარმოდგენილ კანონპროექტს, რათა შესაძლებელი გახდეს ახალი კანონის საფუძველზე მთავარი პროკურორის არჩევა.

დაუჭერს თუ არა მხარს ოცნება კანონპროექტს – როგორია მოლოდინი

ზვიად ქორიძეს სჯერა, რომ პარლამენტში საღი აზრი გაიმარჯვებს და საკანონმდებლო ორგანო მიიღებს ცვლილებას. თუმცა, როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი აცხადებს, თუ ძალისმიერად გადაწყვიტა ეს დღეს მმართველმა გუნდმა, რაკი საკონსტიტუციო უმრავლესობა მათ ხელშია, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს იმ კრიზისს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაშია.

მიუხედვად იმისა, რომ საჯაროდ არ უტყდება მმართველი გუნდი თავის თავს კრიზისულ ვითარებაში ყოფნას, დარწმუნებული ვარ, როდესაც თავის თავთან რჩებიან მარტო, ამაში მართლა გულახდილები არინ და ხვდებიან, რომ სერიოზულ კრიზისში იმყოფებიან დღეს. მათ ყველა ნაბიჯი უნდა გადადგან, ამ კრიზისიდან გამოვიდნენ და გამოვიდნენ არა როგორც პოლიტიკური ძალა, არამედ მათ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული სახელმწიფოზე და ეს ქვეყანა არ უნდა ჩააგდონ უფრო რთულ პოლიტიკურ კრიზისში.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური გუნდი პასუხისმგებლობით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და როდესაც დაიწყება საპარლამენტო განხილვა, არ იჩქარებს პროკურორის არჩევას და შექმნის ისეთ პლატფორმას, რომელზეც გაიშლება დისკუსია, თუ როგორ შეიცვალოს საპროკურორო მმართველობა ქვეანაში. დღეს ჩვენი ინიციატივა დევს პარლამენტში. თუ გაჩნდება უკეთესი ინიციატივა, მხოლოდ გაგვიხარდება და თუ არ გაჩნდება, იმ ადამიანების რიცხვი გაიზრდება, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს კანონპროექტს,” – ამბობს შეწყალების კომისიის თავმჯდომარე.

ქორიძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტშიც აღმოჩნდებიან საღი აზრის მქონე დეპუტატები, რომლებიც ასე დასვამენ საკითხს: “თუ დღევანდელი საპროკურორო საბჭოს მოდელი მანკიერია და თუ ეს საბჭო თავისი მმართველობის ფორმით ცუდია, ვიფიქროთ ისე, რომ ამ საბჭოს ნუ ავარჩევინებთ ახალ პროკურორს და მერე ნუ ვიფიქრებთ, რომ ხვალ გავაპატიოსნებთ საბჭოს. მოდი, ჯერ საბჭოს არჩევის დაკომპლექტების წესი შევცვალოთ, პროკურორის არჩევის წესი შევცვალოთ და მერე ვიფიქროთ, ვინ იქნება პროკურორი. მგონი, უკეთესი ვარიანტი იქნება, თუ ამაზე წავლენ დეპუტატები როგორც უმრავლესობიდან, ისე უმცირესობიდან.”

კანონპროექტის არსი

კანონპროექტის შესაბამისად, იცვლება საქართველოს მთავარი პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და მისი შექმნის წესი, სახელდობრ:

საპროკურორო საბჭოს 15 წევრიდან 5-ს ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია;

პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატთაგან 4 წევრს ირჩევენ პარლამენტის წევრები, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ხოლო ამის შემდეგ 4 წევრს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა;

პარლამენტისთვის საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა ხდება იმავე წესით, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენა, სახელდობრ, წარდგენის უფლება აქვთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და კანონით განსაზღვრული კვალიფიკაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს;

საპროკურორო საბჭოს 2 წევრს ირჩევს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია, რომელსაც თავმჯდომარეობს სახალხო დამცველი;

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს ირჩევს საპროკურორო საბჭო იმ წევრთაგან, რომლებიც არჩეული არ არიან პროკურორთა კონფერენციის მიერ;

საქართველოს მთავარი პროკურორის კანდიდატურებს, აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან 3-კვირიანი კონსულტაციების საფუძველზე, საპროკურორო საბჭოს წარუდგენენ ამ საბჭოს წევრები – საბჭოს ოთხ ან მეტ წევრს აქვს ერთი კანდიდატის წარდგენის უფლება;

მთავარი პროკურორობის კანდიდატი ფარული კენჭისყრით არჩეულად ჩაითვლება, თუ იგი მიიღებს, სულ ცოტა, 10 ხმას. არჩეული კანდიდატი წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი