ეკა ბესელია ამბობს, რომ პროკურატურა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებზე საჯაროობის პრინციპს იცავს:
“ანგარიშში საუბარია, რომ გარკვეული კატეგორიის საქმეები, მათ შორის წამების ფაქტებზე, მოექცა საპროცესო შეთანხმების ქვეშ და ნაკლები იყო ინფორმაცია, სწორედ ამის გათვალისწინებით პროკურატურამ საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია წამების რამდენიმე მძიმე შემთხვევის კონკრეტული ეპიზოდი და მოხდა ბრალის დამძიმება, საჯარო პირებისთვის მოხდა დამძიმებული ბრალის წარდგენა და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა საკმაოდ მძიმე ფაქტები, რომლებიც წამების და არაადამიანური მოპყრობის გარემოებებს ეხება. ეს იყო მეტი საჯაროობისთვის გაკეთებული და ამავდროულად ეს იყო სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულება, რომ წამების საქმეები იყოს განსაკუთრებული გამოძიების და მაქსიმალური ძალისხმევის შედეგად გამოვლენილი ყველა ის პირი, ვინც წამებაში მონაწილეობდა.”
მისივე თქმით, ფარული ვიდეო-აუდიოჩაწერის საქმეებზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბესელია ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოებს ადეკვატური და სამართლიანი გადაწყვეტილებების გამოტანა მოუწევთ:
“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ფარულ ჩაწერასთან დაკავშირებით იყო რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე, რომელზედაც სასამართლოს გადაეგზავნა მასალები, არის რამდენიმე საქმე, რომელზეც გამოძიება გრძელდება და ამ საქმეების საბოლოო დასრულებას ჩვენც ველოდებით. ეს ეხება სწორედ იმ ჩანაწერებს, რომლებიც ათასობით ფაილზე იყო და განადგურებულია, თუმცა იგივე სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავების დროს ამოღებული ჩანაწერები, ამ საქმეზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, სასამართლო მიმდინარეობს და ისიც ასევე იქნება განსაკუთრებული კატეგორიის საქმე, რომელზედაც სასამართლეობს მოუწევთ, რომ ადეკვატური და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღონ. სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს გამოძიება, როგორც ვიცით, პროკურატურაში და ველოდებით ამ საქმეებზე შედეგებს.”
რაც შეეხება გახმაურებულ საქმეებს, დეპუტატი აცხადებს, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ არსებობს:
“პოლიტიკური კონტექსტი სრულიად გამორიცხულია, იმიტომ, რომ ის თანამდებობის პირები, რომლებიც იმავე დროს პოლიტიკური ფიგურები იყვნენ, სხვადასხვა ძალიან მძიმე დანაშაულებში იმხილებიან და, შესაბამისად, ვერავითარი პოლიტიკური სტატუსი ვერ იქნება ხელშეუხებლობის საფუძველი, იმიტომ, რომ კონკრეტულ დანაშაულებებზეა საუბარი.”
Human Rights Watch-ი ყოვეწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც სხვა ქვეყნებთან ერთად შეჯამებულია 2013 წელს საქართველოში არსებული სიტუაცია.