ახალი ამბები

მაუწყებლის არჩეული მეურვეები ბორდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე

21 იანვარი, 2014 •
მაუწყებლის არჩეული მეურვეები ბორდის დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე

როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროცესს კრიტიკულად აფასებენ იმ შესარჩევი კომისიის წევრების ნაწილიც, რომელმაც გასული წლის ბოლოს 27 კანდიდატი შეარჩია და პარლამენტს წარუდგინა.

“მე თვითონ ძალიან დაინტერესებული პირი ვარ და მირჩევნია, რომ არ მოგცეთ ინტერვიუ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. დამთავრდეს ეს პროცესი. მე ვარ დაინტერესებული პირი, უმრავლესობამ ერთიანად ამირჩია, არ ვიცი, დანარჩენებზე რას ფიქრობენ, ამიტომ მირჩევნია, რომ არ მოგცეთ ინტერვიუ. როდესაც ბორდი ჩამოყალიბდება, შემდეგ სიამოვნებით ვუპასუხებ თქვენს კითხვებს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” ნათელა სახოკიამ, კანდიდატმა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ დაასახელა თავისი ქვოტით.

“მე ამ საკითხზე კომენტარს არ ვაკეთებ… ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მე მგონი, არასწორი იქნება ჩემგან კომენტარის გაკეთება”, – აცხადებს მარინა მუსხელიშვილი – სახალხო დამცველის მიერ დასახელებული კანდიდატი.

ნეტგაზეთის კითხვას, რომ აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ უყურებს იგი პროცესს და არა კონკრეტულ ადამიანებს, მუსხელიშვილი ასე პასუხობს:

”პროცესი ხომ მე არ მეხება, პროცესი არის პარლამენტის. მე, როგორც ერთ–ერთი შერჩეული კანდიდატი, ამაზე ვერ გავაკეთებ კომენტარს, იმიტომ, რომ პროცესი ჯერ არ არის დასრულებული, როდესაც დასრულდება, მერე შემეძლება კომენტარის გაკეთება. სანამ პროცესი ისევ გრძელდება, შეიძლება დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მე ამ პროცესზე ზემოქმედებას ვცდილობ”.

ხოლო კითხვას, აქვს თუ არა მას რაიმე სახის შენიშვნები, იგი ამგვარად პასუხობს:

“ბევრი მოსაზრება მაქვს და ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ ჯერჯეობით ჩემი მხრიდან საჯარო განცხადებები არ უნდა გაკეთდეს”.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს ქეთი მსხილაძე, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებული კანდიდატი:

“ამასთან დაკავშირებით არანაირი განცხადების გაკეთება არ მინდა. არაკოლეგიალურად მიმაჩნია, რომ გამოვიდე და რაღაც ვთქვა, როცა მე ვარ არჩეული და სხვები – არა. სანამ ეს პროცესი არ დასრულდება, არაფრის თქმა არ მინდა”, – ამბობს მსხილაძე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში ხმების საჭირო რაოდენობა (76 ხმა) საპარლამენტო უმცირესობის მიერ დასახელებულმა კანდიდატმა ნინია კაკაბაძემ, სახალხო დამცველის მიერ დასახელებულმა ლელა გაფრინდაშვილმა და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს კანდიდატმა გენო გელაძემ ვერ მიიღეს. 2013 წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა. ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ სრულად არ ისარგებლა საკუთარი ქვოტით და ორი კანდიდატი არ დაასახელა, ხოლო უმცირესობამ – ერთი.

 

აღნიშნულ პროცესს ნეგატიურად აფასებს იმ შესარჩევი კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე, რომელმაც პარლამენტს 27–კაციანი სია შესთავაზა ბორდის დასაკომპლექტებლად. ქორიძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკურმა კლასმა ბორდის შერჩევისათვის ფარული გარიგებების გზა აირჩია.

ნინია კაკაბაძის, ლელა გაფრინდაშვილისა და გენო გელაძის კანდიდატურებს პარლამენტი კენჭს მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ უყრის. დეპუტატმა ეკა ბესელიამ ნეტგაზეთს უთხრა, რომ გაფრინდაშვილს, რომელიც სახალხო დამცველმა დაასახელა, უმრავლესობამ შესალოა მხარი დაუჭიროს, რაც შეეხება გელაძესა და კაკაბაძეს, მათ საკითხზე მმართველი ძალის პოზიცია სავარაუდოდ არ შეცვლილა.

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, პარლამენტმა მეურვეობის კანდიდატები საკონკურსო კომისიის მიერ მათი შერჩევიდან 10 სამუშაო დღის ვადაში უნდა დაამტკიცოს. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედი 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს ახალ კანდიდატურებს. მეურვის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებს შეუძლიათ საქართველოს პარლამენტს წარუდგინონ სამი კანდიდატურა საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან. შესაძლებელია ერთი და იმავე კანდიდატურის ორჯერ წარდგენა. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის ხმებისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ დარჩენილ პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის კვოტებით. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის ხმები და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ვერ დაკომპლექტდა 9 წევრით, დარჩენილი ვაკანტური ადგილებისათვის იმართება ხელახალი კონკურსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი