მთავრობის განცხადებით, მსგავსი ქმედება საქართველოს კანონმდებლობით ისჯება, რადგან იგი საავიაციო უსაფრთხოებას უკავშირდება.
“ანძის განათება პირდაპირ უკავშირდება საავიაციო უსაფრთხოებას, ამიტომ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიცავს სერიოზულ საფრთხეს საჰაერო ნავიგაციისთვის”,- ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსთა სამინისტროს არც ერთხელ არ შეუფერხებია მერიისთვის კანონით გათალისწინებული თანხის გადარიცხვა და უსახსრობით ანძის განათების გამორთვა საფუძველს მოკლებულია.
მთავრობამ მოუწოდა დედაქალაქის მერიას, რომ ტელეანძის განათება აღედგინა.
თბილისის მერიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება ტელეანძის განათების აღდგენასთან დაკავშირებით:
“მას შემდეგ, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ და უმრავლესობამ თბილისის მერის მოადგილეს დაუდასტურეს, რომ ანძის განათებისა და რეაბილიტიაციის თანხა მათთვის აღარ წარმოადგენს ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მიზეზს, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და ანძის განათება ჩართო,”- ნათქვამია განცხადებაში.
მერიის განმარტებით, ანძის განათების გამორთვა არ იყო თვითმიზანი, არამედ განპირობებული იყო საბიუჯეტო განხილვების პროცესის დასაჩქარებლად.
“ამ ეტაპზე ანძის განათების გამორთვით აღნიშნული მიზანი მიღწეულია,”- აცხადებს მერია.
ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტელეანძის საჰაერო ნავიგაციის შუქურას გარე განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს განცხადება საკრებულომ და საქართველოს მთავრობამ მერიის დასაშანტაჟებლად გაავრცელეს.
“გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ მათ ეს მერიის დაშანტაჟების მიზნით, შეგნებულად ჩაიდინეს. ამის დასადასტურებლად საზოგადოებას და მედიას შესაბამისი ექსპერიმერნტის მოწყობას ვთავაზობთ, რითიც დადასტურდება, რომ საჰაერო ნავიგაციის შუქურას ანძის განათებასთან არანაირი კავშირი არ აქვს”- აცხადებს მერია.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს საღამოს ტელეანძის განათება შეწყდა. თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ დღეს განაცხადა, რომ ამის მიზეზი საკრებულოს მიერ ბიუჯეტის არდამტკიცებაა.