ახალი ამბები

მაია ცქიტიშვილი: რიკოთზე ავტობანის მშენებლობის დასრულება 1-2 წლით გადავადდება

19 ივნისი, 2018 • 8137
მაია ცქიტიშვილი: რიკოთზე ავტობანის მშენებლობის დასრულება 1-2 წლით გადავადდება

ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ, თქვა, რომ რიკოთის უღელტეხილზე ავტობანის ასაშენებლად ტენდერები 2018 წელს გამოცხადდება.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, ხელისუფლება თავიდან გეგმავდა, რომ 2021 წლისთვის დასრულებულიყო აღნიშნულ მონაკვეთზე ავტობანის მშენებლობა, რაც მოიცავს 50-ზე მეტი ხიდისა და 50-ზე მეტი გვირაბის მშენებლობას. თუმცა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, დღის წესრიგში დადგება პროექტების დასრულების 1-2 წლით გადავადება. კონკრეტულად რიკოთის გვირაბის მონაკვეთის დასრულება კი 2022 წელს იგეგმება.

დღეს, 19 ივნისს, საქართველოს პარლამენტში უსმენენ პრემიერობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას. დაგეგმილია მინისტრობის კანდიდატების მოსმენა კომიტეტებში, დღის ბოლოს კი გაიმართება ბიუროს სხდომა.

პრალამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 13 ივნისს გადადგა პრემიერი კვირიკაშვილი. მმართველმა პარტიამ პრემიერობის ახალ კანდიდატად წარადგინა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი