ახალი ამბებისაზოგადოება

ქვით და მანქანის დაჯახებით მოკლული ქალები – რატომ უნდა არსებობდეს ცალკე მუხლი ფემიციდზე

18 ივნისი, 2018 • 3735
ქვით და მანქანის დაჯახებით მოკლული ქალები – რატომ უნდა არსებობდეს ცალკე მუხლი ფემიციდზე

2016 წლის 17 მაისს მამუკამ თავში და სხეულის სხვა ნაწილზე რამდენჯერმე ჩაარტა ქვა ეკას და მოკლა. მანამდე კი გააუპატიურა – ამას ამბობს მამუკას წინააღმდეგ არსებული ბრალდების დადგენილება. ორივე პირის შემთხვევაში სახელები შეცვლილია. სახალხო დამცველმა სასამართლოს 11 განაჩენი გააანალიზა, რომელიც ფემიციდს და ფემიციდის მცდელობას უკავშირდებოდა, მათ შორისაა ეკას მკვლელობის საქმე.

მამუკას წარედგინა ბრალდება ეკას გაუპატიურებისა და გაუპატიურების დაფარვის მიზნით მისი განსაკუთრბეული სისასტიკით მკვლელობისთვის. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ  მამუკამ ეკა სცემა, არაერთხელ დაარტყა ქვა და შემდეგ მანქანა გადაატარა. სასამართლომ მამუკას სასჯელი ვერ მიუსაჯა, რადგან განაჩენის გამოტანამდე პენიტენციურ დაწესებულებაში გარდაიცვალა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ იგი დანაშაული ჩადენისას ნასვამი იყო. მამუკა მანამდე 3-ჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის ქალის ცემის, ძალადობის და მუქარის ფაქტებზე.

“მხოლოდ 2017 წელს გამოძიება დაიწყო ქალთა მკვლელობის 26 ფაქტზე და მათ შორის 14 ოჯახში დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი. ქალთა მკვლელობის მცდელობის მუხლით 15 ფაქტზე დაიწყო გამოძიება და მათგან ოჯახში ძალადობის ნიშნით 12 იყო ჩადენილი. ეს სტატისტიკა მიანიშნებს, რომ ქალთა მკვლელობების უმრავლესობა ოჯახში ძალადობას უკავშირდება და ამ შემთხვევაში სახალხო დამცველის უმთავრესი რეკომენდაციაა ფემიციდის, როგორც ცალკე მდგომი დანაშაულის განსაზღვრა,“– განაცხადა სახალხო დამცველმა “ფემიციდის მონიტორინგის ანგარიშის” პრეზენტაციაზე. 

სასამართლოს გადაწყვეტილებების გააანალიზების შედეგად, სახალო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ ფემიციდი ძირითადად ჩადენილია პარტნიორი კაცების მიერ და მისი მოტივი, როგორც წესი, ეჭვიანობა და შურისძიებაა. ფემიციდის 7 შემთხხვევაში 3 ჩადენილია საცხოვრებელ სახლში, ხოლო 4 -საჯარო სივრცეში, მათ შორის ქუჩაში, სკოლის ეზოში და ტყეში. დანაშულის იარაღად კი გამოყენებულია დანა, ბეტონის ფილა, ცეცხლსასროლი იარაღი, ქვა, მანქანის დაჯახება და ცემით მოკვლა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციები:

[checklist]

  • აუცილებელია მოხდეს ფემიციდის, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობის გამოყოფა სისხლის სამართლის კოდექსში, რაც გაზრდის ქალთა მიმართ ჩადენილი გენდერული მკვლელობების/მკვლელობის მცდელობების სწორად სახელდების შესაძლებლობებს და შესაძლებელი იქნება შედარებით ზუსტი სტატისტიკის წარმოება.
  • აუცილებელია, სასამართლო ეტაპზე ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეებში მოხდეს გენდერული მოტივის გამოყოფა. მნიშვნელოვანია, სასამართლო ავითარებდეს მსჯელობას გენდერულ მოტივთან დაკავშირებით და არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ მუხლის მითითებით.
  • მნიშვნელოვანია ასევე, საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელდეს ძალადობის წინარე ისტორიის მასალების მოძიება და მხედველობაში მიღება, ასევე, დისკრიმინაციული მოტივის დასადგენად სათანადო მტკიცებულებების მოძიება.
  • მნიშვნელოვანია, შემამსუბუქებელი გარემოებების მითითებისას, მოძალადის პიროვნების შეფასებისას სასამართლოს მიერ გათვალისწინებულ იქნეს დანაშაულის სპეციფიკა,

[/checklist]

ფემიციდის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ორჯერ ჩავარდა. ინიციატივით პარლამენტს 2016 წლის 3 მაისს რესპუბლიკურმა პარტიამ მიმართა. კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა მომხდარიყო ფემიციდის განმარტება, როგორც გენდერული ნიშნით მოტივირებული, ქალის განზრახ მკვლელობა.  კანონპროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დამატებოდა 108 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად ფემიციდი, რომელიც არის გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობა მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის, ან ოჯახის სხვა წევრის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თოთხმეტ წლამდე.

კანონპროექტი ორი ხმით ჩავარდა. მას მხარი 48 დეპუტატმა დაუჭირა 1-ის წინააღმდეგ, როცა დასამტკიცებლად საჭირო იყო 50 ხმა. პარლამენტს ფემიციდის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივით “რესპუბლიკელებმა” 2017 წლის იანვარშიც მიმართეს.  ცვლილებები ასევე მოიცავდა გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას, თუმცა ის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა და მხარი არ დაუჭირა.

ფემიციდის აკრძალვის მოთხოვნით პარლამენტში შესულია “ქალთა მოძროაბის” პეტიცია, რომელსაც 15 მაისს იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი პეტიციის განხილვას დაიწყებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი