“რესპუბლიკურმა პარტიამ” პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექსს ფემიციდის შესახებ მუხლი უნდა დაემატოს. საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებები გულისხმობს ფემიციდის ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აღიარებას და მის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში მოქცევას. ცვლილებები ასევე მოიცავს გენდერის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებად აღიარებას.
კანონპროექტის თანახმად, ფემიციდი არის ქალის განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნის მიხედვით მეუღლის, ყოფილი მეუღლის, პარტნიორის, ყოფილი პარტნიორის ან ოჯახის სხვა წევრის მიერ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: ორსული ქალის მიმართ; არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ; ჯგუფურად – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თოთხმეტიდან ოც წლამდე. იგივე ქმედება ჩადენილი: ორი ან მეტი პირის მიმართ; განსაკუთრებული სისასტიკით; ან შეკვეთით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ჩვიდმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
კანონპროექტის ავტორების განცხადებით, სრულიად დაუსაბუთებლად ჭიანურდება სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება, რაც აფერხებს საკანონმდებლო დონეზე, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსში არსებული მოვლენისათვის საკუთარი სახელის დარქმევას.
“კერძოდ, საკანონმდებლო ხარვეზი მდგომარეობს იმაში, რომ სისხლის სამართლის კოდექსი არ აღიქვამს ქმრის, პარტნიორის, ყოფილი ქმრის/პარტნიორის მიერ ქალის მოკვლას უთანასწორობით გამოწვეულ დანაშაულად (მას სხვა კატეგორიის მკვლელობად განიხილავს). 21-ე საუკუნეში საქართველოში კვლავ ვდგავართ ამ უმძიმესი გამოწვევის წინაშე. საკანონმდებლო წინადადების შემოთავზების მიზეზია ფემიციდის – გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალების მკვლელობის გახშირება, ამ მოვლენის მიმართ პარლამენტისა და საზოგადოების ინდიფერენტული დამოკიდებულება.”
კანონპროექტის დასაბუთების თანახმად, ფემიციდი ძალადობისა და დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა, თუმცა ცალკე მდგომ დანაშაულად არ არის აღიარებული.
“შესაბამისად, ფემიციდის აშკარა გამოვლენის შემთხვევაშიც კი გამოძიება იძულებულია იხელმძღვანელოს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ზოგადი კონტექსტით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა საჭიროებს დახვეწას ამ კატეგორიის დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით. ”
ამასთანავე, საერთაშორისო სამართალის მოთხოვნით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა ქალების მიმართ გავრცელებული უთანასწორო და დისკრიმინაციული მოპყრობის დაგმობით.
“აღნიშნულ შემთხვევაში სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა ახალი სახის გავრცელებული დანაშაულის აღსაკვეთად მიიღოს დროული და ეფექტური ზომები. საკანონმდებლო წინადადების მიზანია, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, კანონის ძალით უზრუნველყოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობა და ფატალური შედეგით დასრულებული გენდერის ნიშნით უთანასწორო და დისკრიმინაციული მოპყრობა ანუ ფემიციდი, როგორც ქალის მკვლელობა, რომელიც განპირობებულია სექსიზმით და მოტივირებულია ქალზე უფლების ქონის სურვილით, ქალთან შედარებით უპირატესი მდგომარეობით ან ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებით, აღიაროს განსაკუთებით მძიმე დანაშაულად.”