ახალი ამბები

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება – ბახტაძე

18 ივნისი, 2018 • 2161
14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება – ბახტაძე

დღეს პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ არ წარადგინა მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა.

ბახტაძის განმარტებით, მისი სამთავრობო პროგრამა, რომელიც უკვე მზად არის, ითვალისწინებს 14 სამინისტროს 11-მდე შემცირებას, თუმცა დღეს არსებული კანონმდბელობიდან გამომდინარე მინისტრობის 11 კანდიდატს ვერ დაასახელებდა, რადგან სამინისტროების შემცირებას შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ესაჭიროება.

ამიტომ, ბახტაძის თქმით, მთავრობის დღეს არსებული შემადგენლობა ფორმალურად უცვლელი რჩება, მას შემდეგ კი, რაც ის ნდობას მოიპოვებს, პარლამენტში ახალი საკანონმდებლო წინადადებებით წარდგებიან და სამინისტროების შემცირებას მოითხოვენ, ამის შემდეგ კი  მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს. ბახტაძე ამბობს, რომ მომავლ მთავრობაში ახალი სახეები აუცილებლად იქნებიან, ახალი მინისტრების ვინაობას კი საზოგადოება დაახლოებით 2-3 კვირაში გაიგებს.

“უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას და მის პროგრამას. ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი მცირე მთავრობის კონცეფციაა, რაც თავის თავში გულისხმობს მოქნილ და ეფექტურ ბიუროკრატიას და შემცირებულ მთავრობის ზომას მთლიან ეკონომიკაში. ჩვენს მიერ დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში მთავრობაში შემავალი სამინისტროების რაოდენობა დღეს არსებული 14-დან 11-მდე შემცირდება.

ეს რეფორმა, რომელიც სამთავრობო პროგრამის ნაწილია და დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს, საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც შესაბამის დროს და პროცედურებს მოითხოვს, და ჩვენთვის ნდობის გამოცხადება კანონით დადგენილ ვადებში, სამწუხაროდ, ვერ ესწრება. შედეგად, ვიღებთ ვითარებას, როცა ხვალ პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად უნდა წარვდგეთ დღეს არსებული სამთავრობო სტრუქტურით და კაბინეტის წევრთა ფორმალური შემადგენლობით, რომელთა ნაწილი ახალი კაბინეტის წევრი აღარ იქნება, ხოლო დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, როდესაც საკანონმდებლო და საკადრო ცვლილებები განხორციელდება და დასრულდება კონსულტაციები პარლამენტში, ეს პროცედურა – განხილვები კომიტეტებში, ფრაქციებში და პლენარულ სხდომაზე , ხელახლა უნდა გავიაროთ.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დროის დაზოგვის, პროცედურული ფორმალიზმისა და დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, მე დღეს შევთავაზე ჩვენს საპარლამენტო გუნდს, დაიწყონ კონსულტაციები პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რათა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა შემდეგი ორი დღის ვადაში შედარებით შემჭიდროებულ ვადებში გავიაროთ, ხოლო სამთავრობო პროგრამისა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობის დეტალური განხილვა მინისტრთა კაბინეტის ახალი სტრუქტურით წარდგენის დროს მოვახდინოთ, როდესაც პარლამენტის წინაშე ნდობის მოსაპოვებლად წარდგებიან უშუალოდ ის მინისტრები, ვინც ჩემთან ერთად უნდა იტვირთოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე.

აქვე მინდა დავაზუსტო, რომ სამთავრობო პროგრამა სრულად არის მზად და დღეს ის, დადგენილი პროცედურის თანახმად, განსახილველად შევა პარლამენტში. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ამ საკითხზე კონსენსუსი შედგება“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.

მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშილს შეცვლის, რომელიც გასულ კვირაში გადადგა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი