ახალი ამბები

უსუფაშვილი: ვენეციის კომისია იქნება ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

16 იანვარი, 2014 •
უსუფაშვილი: ვენეციის კომისია იქნება ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

მათ დღის მანძილზე მიმდინარე შეხვედრები შეაჯამეს, რომელიც ძირითადად საკონსტიტუციო რეფორმას ეხებოდა. როგორც დავით უსუფაშვილმა განაცხადა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან და მის მდივანთან შეხვედრა ჯერ კიდევ სტრასბურგში დაიგეგმა, ხოლო დღევანდელი შეხვედრების შემდეგ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვენეციის კომისია იქნება ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს ექნება ხელმისაწვდომი რესურსი ვენეციის კომისიის ექსპერტების სახით.

 

“ჩვენ შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლებთ არა მხოლოდ საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე, არამედ სხვა საკითხებზეც, როგორიც არის ოკუპირებული ტერიოტორიების შესახებ კანონპროექტი, სააარჩევნო კოდექსი, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და სხვა თემები. ამ საკითხებზე გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის და, რაც მთავარია, ეს თანამშრომლობა არ არის ფორმალური და ოფიციალური. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა უმაღლესი დონის ექსპერტებთან მაშინ, როცა ეს საჭიროა”– განაცხადა უსუფაშვილმა პესკონფერენციაზე.

 

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს თქმით, მან ძალიან საინტერესო შეხვედრები გამართა, მისთვის მნიშვნელოვანი იყო შეხვედრები ახალ მთავრობასთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და იუსტიციის მინისტრთან.

 

ბუკიკიოს შეფასებით საქართველომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია: “ახლანდელი კონსტიტუცია არის კარგი ბაზისი, თუმცა მნიშვნელოვანი იქნება რამდენიმე ცვლილების შეტანა. არის რამდენიმე სექტორი, დებულება კონსტიტუციაში, რომელიც უნდა შეიცვალოს. სწორედ ამისთვის შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია და იმედია ისინი ძალიან მალე დაიწყებენ მუშაობას. მე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ძალიან კარგი თანამშრომლობის ატმოსფეროა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველო გახდეს უფრო დემოკრატიული ქვეყანა. ვფიქრობ, ჩვენი მოკრძალებული დახმარებით საქართველო მიაღწევს უკეთეს პროგრესს” – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

 

მისი თქმით, ის დღეს შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს და დარჩა შტაბეჭდილება, რომ გიორგი მარგველაშვილსაც იგივე მოსაზრება აქვს კონსტიტუციასთან დაკავშირებით და სურს, რომ შეიქმნას ტექსტი, რომელიც უკეთესად განვითარების შესაძლებლობას მისცემს საქართველოს.

“მე შევხვდი იუსტიციის მინისტრსაც. ის აცნობიერებს, რომ პროკურატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი ორგანოსგან. არის დაგეგმილი სხვა საინტერესო რეფორმები, მათ შორის მოსამართლეების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ყველა ეს ინიციატივა მიდის სწორი მიმართულებით, რათა მეტი დემოკრატია იყოს ქვეყანაში” – განაცხადა ბუკიკიომ.   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი