ახალი ამბები

პორტუგალიის პარლამენტმა მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

16 ივნისი, 2018 • 4971
პორტუგალიის პარლამენტმა მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტების ლეგალიზებას მხარი დაუჭირა

პორტუგალიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტების ლეგალიზებას გულისხმობს. კენჭისყრა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში 15 ივნისს შედგა.

კანონპროექტით, პორტუგალიის მასშტაბით ქრონიკული ტკივილის, პოსტ ტრავმული სტრესის, სიმსივნის თერაპიისაგან გამოწვეული გვერდითი მოვლენებისა და სხვა ფაქტორების საწინააღმდეგო, მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტები ლეგალიზდება.

Reuters-ის ცნობით, ხმის მიცემისაგან მხოლოდ ერთმა, მემარჯვენე-ცენტრისტულმა პარტიამ შეიკავა თავი, რომელიც ოპოზიციურ კოალიციაში ერთიანდება.

პორტუგალიას ყველა სახის ნარკოტიკი 2001 წლიდან აქვს დეკრიმინალიზებული, თუმცა ამ დრომდე არ ირიცხებოდა ევროპის იმ ქვეყანათა რიგებში, რომელთაც სამედიცინო მოხმარებისთვის მარიხუანა ლეგალიზებული აქვთ. მათ შორის არიან იტალია და გერმანია. ქვეყანაში მასშტაბური სარეაბილიტაციო პროგრამა მოქმედებს, რომელიც ნარკომომხმარებლებზე ზრუნვაზეა ორიენტირებული.

დეკრიმინალიზაციის შემდეგ, რიგი კვლევების მიხედვით, ქვეყანაში ზედოზირების მაჩვენებელი დაეცა, ისევე როგორც მკვეთრად შემცირდა 15-დან 19 წლამდე მოზარდების რიცხვი, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარდნენ. აივ/შიდსის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი კი, რომელიც 2 000 წელს მილიონ მოსახლეზე 104.2-ს შეადგენდა, 2015 წელს 4.2-მდე შემცირდა. დღის წესრიგში დგას, თუმცა გასულ წლებთან შედარებით შემცირებულია დაავადებათა რიცხვი, რომელთაც ნარკოტიკის ხანგრძლივი მოხმარება იწვევს, მათ შორის, B და C ჰეპატიტი.

მხარდაჭერილი კანონპროექტი დასამტკიცებლად პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზას გადაეგზავნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი