ახალი ამბები

პრემიერი: გაირკვევა, რატომ იყო პოპულარული ჩხატარაშვილი პროკურატურაში

16 იანვარი, 2014 • • 1069
პრემიერი: გაირკვევა, რატომ იყო პოპულარული ჩხატარაშვილი პროკურატურაში

“ჩხატარაშვილი არ ყოფილა პოპულარული პირადად ჩემთვის და არც ბატონი ბიძინასთვის, მე არ ვიცი, ის რატომ იყო პოპულარული პროკურატურაში, ჩვენ ამას გავარკვევთ, ის არის ახლა ბრალდებული, დანარჩენი გაირკვევა”, – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა “პრაიმ-ტაიმში” გამოქვეყნებულ ინტერვიუს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, სადაც ის საუბრობს, რომ დავით ჩხატარაშვილი იყო გავლენიანი ფიგურა პროკურატურაში და მისი უშუალო ჩარევით იყო რამდენიმე საქმე თაროზე შემოდებული.

 

7 დეკემბერს დავით ჩხატარაშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და დანაშაულის პროვოცირებაში წაუყენეს ბრალი.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ჩხატარაშვილი 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თანამშრომლობდა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ მრჩეველ გია ხუხაშვილთან და ამის გამო არ ხდებოდა მისი პასუხისგებაში მიცემა.

 

დავით ჩხატარშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ 2008 წლიდან მუშაობდა, მანამდე (2005-08წწ) კუდ-ის დირექტორის მოადგილე იყო. შევარდნაძის მთავრობის დროს მუშაობდა უშიშროების სამინისტროში, თავდაცვის სამინისტროში, ფინანსთა სამინისტროში, საგადასახადო ინსპექციაში.

 

დავით ჩხატარაშვილის მეუღლე კი, გარდა იმისა, რომ ორ კერძო კომპანიას ფლობს, არის საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სრული პროფესორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამედიცინო ფსიქოლოგიის პედაგოგი.

მასალების გადაბეჭდვის წესი