ახალი ამბები

ღარიბაშვილი: კეზერაშვილთან დაკავშირებით სკანდალური ფაქტები იკვეთება

16 იანვარი, 2014 •
ღარიბაშვილი: კეზერაშვილთან დაკავშირებით სკანდალური ფაქტები იკვეთება

ამის შესახებ ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: 

“კეზერაშვილი ჩემთვის აღმოჩენა იყო. “ნაციონალური მოძრაობის” მაღალჩინოსნებმა მიიტაცეს, ხელში ჩაიგდეს, სხვადასხვა ფორმებით, სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, სტრატეგიული ობიექტები. მე გავეცანი დოკუმენტს და ძალიან უცნაურია და ვერავინ ვერ ამიხსნის ამას. კითხეთ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, კითხეთ, რა ხდება დავით კეზერაშვილზე და საიდან აქვს 800-მილიონიანი ბრუნვა 2012 წელს?  საიდან აქვს მილიარდნახევრიანი ბრუნვა მის კომპანიას მას შემდეგ, რაც ის გადავიდა კერძო სექტორში? ეს არის შოკის მომგვრელი, ეს არის სკანდალური ინფორმაცია და ამის შეფასება საზოგადოებამ ადეკვატურად უნდა მოახდინოს. პირველ რიგში, ჟურნალისტებმა, თქვენ უნდა დაუსვათ კითხვები ადამინებს, რომლებიც გამოდიან და კითხვებს უსვამენ საზოგადოებას. მთელი 9 წლის განმავლობაში ხდებოდა ადამინებსი წამება, უგზოუკვლოდ გაქრობა, კითხვები არსებობდა, რომ ეს ადამიანები აგროვებდნენ ქონებას. კეთილი ინებონ და გამოვიდნენ და ახსნა–განმარტება მისცენ მოსახლეობას.” 

 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება და სამართალდამცავები დაინტერესდნენ მედიაში დავით კეზერაშვილის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციით: “სამართალდამცავები, ხელისუფლება და პროკურატურა დაინტერესდნენ უკვე ამ ინფორმაციით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ნათელი მოვფინოთ ამ ფაქტს. რაც შეეხება იარაღის უკანონო ვაჭრობას, ამაზე არა მხოლოდ ჩვენი სამართალდამცავი უწყებები, არამედ უცხო ქვეყნის შესაბამისი ორგანოები არიან დაინტერესებულნი. ძალიან საინტერესო სკანდალური ინფორმაციები და ფაქტები იკვეთება კეზერაშვილთან დაკავშირებით. ასე რომ, დაველოდოთ გამოძიებას და ყველაფერი ძალიან მალე გახდება ცნობილი.” 

 

დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 2013 წლის 15 ოქტომბერს დააკავეს. კეზერაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით – საჯარო მოხელის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნის და ქრთამის მიღების, ასევე, საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის ჩადენის მუხლით აქვს წაყენებული. იგი ასევე ბრალდებულია “თბილსერვის ჯგუფის საქმეზეც გიგი უგულავასთან ერთად. ერთი ეპიზოდი ეხება თბილსერვის ჯგუფში 700–ზე მეტი მოქალაქის დასაქმებას, ხოლო მეორე ეპიზოდი ეხება ტელეკომპანია “იმედის” უკანონოდ მითვისებას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.

 

შსს-ს ცნობით, ამჟამად საფრანგეთის პროკურატურის მიერ დავით კეზერაშვილის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი პროცედურები. ქართული მხარე მის საქართველოში ექსტრადირებას მოითხოვს.

                    

მასალების გადაბეჭდვის წესი