ახალი ამბები

“ნათელი ქრისტესი საქართველოს” სამტომეულის თითო წიგნი MyMarket-ზე 1000 დოლარად იყიდება

14 ივნისი, 2018 • 2975
“ნათელი ქრისტესი საქართველოს” სამტომეულის თითო წიგნი MyMarket-ზე 1000 დოლარად იყიდება

საპატრიარქოს მიერ გამოცემული სამტომეულის, “ნათელი ქრისტესი საქართველოს” თითო ნაწილის ყიდვა ონლაინ მაღაზია MyMarket-ზე 1 000 დოლარად შეიძლება. ნეტგაზეთი დაუკავშირდა საიტზე მითითებულ ნომერს. წიგნის გამყიდველმა ჩვენს კითხვებს უპასუხა, თუმცა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

კითხვაზე, თუ საიდან აქვს საპატრიარქოს მიერ გამოცემული სასაჩუქრე წიგნი, რომელიც არ იყიდებოდა, გამყიდველმა გვითხრა, რომ სამტომეულის გამოცემის ერთ-ერთი თანასპონსპორია და საპატრიარქომ მას რამდენიმე ეგზემპლარი უსაჩუქრა. მისივე სიტყვებით, თითო ნაწილის 3-4 ეგზემპლარი აქვს.

აღნიშნული წიგნის შეძენა მაღაზია “წიგნის სახლშიც” შეიძლება. როგორც მაღაზიაში ნეტგაზეთს უთხრეს, წიგნი გასაყიდად კერძო პირმა მიიტანა, რომლის ვინაობასაც მაღაზიაში მისი თანხმობის გარეშე არ ასახელებენ. ჩვენ ვკითხეთ MyMarket-ზე განთავსებული წიგნის გამყიდველას, განმცხადებელს, მიიტანა თუ არა მან წიგნი რომელიმე მაღაზიაში გასაყიდად, რაც მან უარყო.

“წიგნის სახლი” სამტომეულის ორ ტომს 3 000 ლარად ჰყიდის.

სამტომეულის მესამე ტომის პრეზენტაცია 2016 წლის დეკემბერში საპატრიარქოში გაიმართა. სამტომეულზე მუშაობა 16 წელი მიმდინარეობდა. ტრილოგიის ერთ-ერთი ავტორისა და მთავარი რედაქტორის, ნესტან კირთაძის თქმით, წიგნი შეეხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას და მასში შესულია ხელნაწერები და ფოტომასალა.

ნესტან კირთაძე ამბობს, რომ წიგნი არის “მონუმენტური ძეგლი-მატიანე”, რომელმაც ქართულ და არაქართულენოვან მკითხველს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც არის ქრისტიანული ქვეყანა, ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი.

ნესტან კირთაძის თქმით, იდეის ავტორი ილია მეორეა. მესამე ტომის გამოცემა საქართველოს კულტურის სამინისტრომ 254 000 ლარით დააფინანსა

მასალების გადაბეჭდვის წესი