ახალი ამბები

კობერიძე: თუ მართლმსაჯულებაში არ იქნება წინსვლა, რიგგარეშე არჩევნების საკითხს დავაყენებდი

13 ივნისი, 2018 • 1976
კობერიძე: თუ მართლმსაჯულებაში არ იქნება წინსვლა, რიგგარეშე არჩევნების საკითხს დავაყენებდი

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ლევან კობერიძე იმ წინაპირობებს ასახელებს, რომელთა დადგომის შემთხვევაშიც, მისი აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გამართლებული იქნება.

უმრავლესობის წევრმა “იმედთან” საუბრისას პრემიერ-მინისტრის გადადგომა შეაფასა და აღნიშნულის შესაძლო მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სახელმწიფოსათვის ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფერო მართლმსაჯულებაა. მისი თქმით, როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ მთავრობას აღნიშნულ გამოწვევაზე შესაბამისი მოქმედება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპუტატი ვადამდელი არჩევნების ჩატარებას გამართლებულად მიიჩნევს.

“…მე, მაგალითად, მივიჩნევ, რომ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები გვაქვს სამართლიანობის შეგრძნებასთან დაკავშირებით საქართველოში. ასევე, სასჯელის აუცილებლად დადგომაზე რიგ საქმეებთან, მათ შორის, სარალიძის საქმესთან დაკავშირებით.

ანუ მართლმსაჯულების ნაწილში უფრო გვაქვს პრობლემები და გამოწვევები, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ახლანდელმა და მომავალმა მთავრობამაც უნდა უპასუხოს გაცილებით მეტი კონკრეტული ნაბიჯით. არა მარტო მთავრობამ, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებამ, მათ შორის, პროკურატურამ. ჩვენ პრობლემები და გარღვევები გვაქვს სწორედ ამ ნაწილში. თუ ჩვენ ამ ნაწილში ვერ ვახრეხებთ რაიმე მნიშვნელოვან წინსვლას, მეტსაც გეტყვით, ალბათ მაშინ მთავრობის კი არა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხსაც დავაყენებდი მე პირადად”, – აღნიშნა დეპუტატმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა, რომ ამჟამად საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საჭიროება არსებობს და უნდა იმსჯელონ თუ არა აღნიშნულზე მმართველ გუნდში, კობერიძემ ასე უპასუხა:

“გუნდში ალბათ უნდა ვიმსჯელოთ ბევრ საკითზე, მათ შორის, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.

ჩემი აზრით, თუ ყველა იმ კითხვას, რომელსაც სამართლის აღსრულებასთან დაკავშირებით დროული პასუხები არ გაეცემა, სრულიად ლეგიტიმური იქნება მოსახლეობის მოთხოვნა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი