“ვვარაუდობ, თუმცა არ ვიცი, რომელი ექსპერტები მონაწილეობდნენ ამაში… ის ექსპერტები, ვინც ეს რეკომენდაცია, ეს ანალიზი მიაწოდა პატრიარქს, ალბათ, ვალდებული იყვნენ უფრო ღრმად ჩაეხედათ ამ საკითხში. უფრო ყოფლის მომცველი და დახვეწილი ანალიზი გაეკეთებინათ ასეთი ფაქიზი თემის”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს დისკუსია სამეცნიერო წრეებში. რამდენიმე განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან ერთი კვერცხუჯრედის განვითარებით სხვა კვერცხუჯრედები იღუპება, რაც ეთიკური დილემის წინაშე აყენებს ბიოლოგებს, განაცხადა მინისტრმა.
“ეს ძალიან სპეციფიკური სამეცნიერო ტექნოლოგიაა. ადამიანების რეაქცია ამ თემაზე არის ერთგვარად მარგინალური. თან ადამიანების იმ ჯგუფისაგან, ვინც, ჩემი აზრით, არ არიან ჩახედული საკითხის სპეციფიკაში. ხელოვნური განაყოფიერება უკვე 36-ე წელია, 78 წლიდან იწყება ეს ტექნოლოგია. ახლა მიდის უამრავი დისკუსია სამეცნიერო წრეებში ამ ტექნოლოგიაზე. მთელ მსოფლიოში 4 მილიონზე მეტი ადამიანი იყო დაბადებული 2010 წლის მდგომარეობით. საქართველოში ასეთი სტატისტიკა არ იწარმოება, შესაბამისად, ციფრებს ვერ გეტყვით”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში თქვა, რომ ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული მოზარდები “პრობლემური იქნებიან”, ხოლო ოჯახები, რომლებიც სუროგატი დედების დახმარებით აჩენენ შვილებს ვერ იქნებიან ბედნიერი.
ეპისტოლეში ნათქვამი იყო, რომ მეუღლეებმა, რომელთაც საკუთარი შვილი არ ყავთ, ეს ტრაგედიად არ უნდა მიიჩნიონ; მთავარია მათი ერთად ცხოვრება სასუფევლის დამკვიდრებისთვის მომზადებად იქცეს, ხოლო უშვილობის შემთხვევაში სასურველია ბავშვის აყვანა.
